კუს ტბის საბაგიროს რეაბილიტაციას სავარაუდოდ ოთხი თვე დასჭირდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი გეგმიური შემოწმების დროს ბაგირს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა, რის გამოც მისი გამოცვლა გახდა საჭირო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ასევე შეისწავლიან, რამ გამოიწვია ბაგირის დაზიანება.
მათივე განცხადებით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ბაგირის შეცვლის სამუშაოების ღირებულებად 150 ათასი ლარია განსაზღვრული.
კუს ტბის საბაგირო ოფიციალურად 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა. საბაგიროს რეაბილიტაცია მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი წვერიკმაზაშვილი აცხადებს, ბაგირის ექსპლუატაციის ვადა ორიდან ოთხ წლამდე და მისი მუშაობის ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
როგორც წვერიკმაზაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კუს ტბის საბაგიროს დატვირთულობის გათვალისწინებით, სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოცვლის აუცილებლობა ლოგიკურია.
კუს ტბის საბაგიროს მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება დღეს გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტბის საბაგირო გზა, გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
„გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა, „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად“, – ნათქვამია განცხადებაში.