კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელების დეტალებზე კი განმარტება მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.
„ჩვენ უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი და ამ ინვენტარიზაციამ მოგვცა საშუალება, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ გამოყო გრანტი ამ სატყეო კვლევების საფუძველზე და ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გაფორმდება მემორანდუმი და წლის ბოლომდე მოეწყობა დაახლოებით ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას დააკავშირებს მთაწმინდასთან. ასევე, ამ ბილიკებზე, ერთი მხრივ, მოეწყობა საკემპინგე ადგილები, დასასვენებელი ადგილები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე გადმოსახედები და ეს ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. ასევე ადგილობრივებს შეეძლებათ, ისეთ სივრცეებს გაეცნონ თბილისში, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე მოხდება 20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებები. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისის ლანდშაფტის ახალ სივრცეებს აგვათვისებინებს ტურისტული მიზნით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კახა კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არის მნიშვნელოვანი.
„ძალიან მაგარი პროექტი იქნება და ზოგადად იცით, ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პრობლემები, რაც გვაქვს ქალაქში, ამის მოწესრიგება. ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ – სატრანსპორტო პოლიტიკა, გამწვანების სამუშაოები, პარკებისა და სკვერების აღდგენის სამუშაოები, დაავადებული ხეების მოჭრა, ახლებით ჩანაცვლება – ეს ყველაფერი საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს და ამის მომსწრე ყველანი ვიქნებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება“, – განაცხადა კახა კალაძემ.