კურტ ვოლკერმა ის ქვეყნები დაასახელა, რომლებმაც დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს
დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მზადყოფნა შვედეთმა, ფინეთმა, ავსტრიამ, ბელარუსმა, სერბეთმა და თურქეთმა გამოთქვეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლკერის თქმით, აღნიშნულმა ქვეყნებმა სურვილი გამოთქვეს, სამშვიდობო მისიაში წვლილი შეიტანონ. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალები მხოლოდ გაერო-ს მანდატით უნდა მოქმედებდნენ.
„ჯერ კიდევ განსახილველია, როგორ მოხდება ამის ორგანიზება. როგორ მოხდება მშვიდობისმყოფელების განთავსება, რა ეტაპზე, ეს განსახილველია, თუმცა ფუნდამენტური თვალსაზრისით, სრული განთავსების შემდეგ ეს უნდა იყოს ნამდვილი სამშვიდობო ძალები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას უსაფრთხოების სფეროში“, – აღნიშნა ვოლკერმა.
როგორც ცნობილია, კიევი გაერო-ს მისიის განთავსებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე ითხოვს, მათ შორის რუსეთთან საზღვრის გასწვრივ. თავის მხრივ, მოსკოვი მიიჩნევს, რომ მშვიდობისმყოფელები კონფლიქტის მხარეების გამყოფი ხაზის გასწვრივ უნდა განთავსდნენ.