კურტ ვოლკერი - უკრაინაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციისას არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც
კურტ ვოლკერი - უკრაინაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც, ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციისას არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელის, ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კურტ ვოლკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება და თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ეს წარმოადგენს.

„ეს კონფერენცია როცა პირველად დაფუძნდა, რაც, როგორც მახსოვს, 2015 წელს მოხდა, მას ჰქონდა ორი პრინციპული ამოცანა და ეს ამოცანები დღესაც რელევანტურია. პირველი ამოცანაა დასავლეთიდან ადამიანების ჩამოყვანა საქართველოში, რომ მათ ეს ქვეყანა გაიცნონ, რადგან ბევრი მცდარი შეხედულებაა საქართველოს შესახებ, ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა შორსაა და ეგზოტიკურია. ფრენას მთელი ღამე სჭირდება და ფიქრობ, რომ ის ახლო აღმოსავლეთშია. ამ ხალხის ჩამოყვანა და ქვეყნის გაცნობა მნიშვნელოვანია, რათა მათ თავად იგრძნონ და ნახონ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. კულტურულად, ისტორიულად, მენტალურად, ორიენტაციით ეს არის ევროპული ქვეყანა. ის ხალხი, ვინც აქ ჩამოდის, გავლენიანი ადმიანები არიან თავიანთ სამშობლოში;

მეორე მიზანი კი არის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს დარჩენა დღის წესრიგში. მსოფლიოში ყოველთვის არის კრიზისები, რომლებიც ყურადღებას იპყრობს – ომი ერაყში, ომი სირიაში, ლიბიაში, ტაივანი, ახლა უკრაინა – და ხალხს შეიძლება, დაავიწყდეს საქრთველო. ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს თემის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შემოიჭრა, 15 წლის წინ და დღესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის გამოსავლის გზებზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა საქართველოს ოკუპაციის დასასრულებლადაც. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოც“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება“ გუშინ გაიხსნა.