უკვე თვეზე მეტია, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი, ჩინეთის ქალაქი უხანი იზოლაციაშია. თუმცა, ცარიელ ქუჩებში მაინც დაინახავთ მოტოციკლებითა და სკუტერებით მოსიარულე კურიერებს, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტი საქმე და პასუხისმგებლობა აქვთ.
ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ხალხი სახლებშია გამოკეტილი და გარეთ გასვლა მხოლოდ მცირე ხნით შეუძლიათ. შესაბამისად, როცა მათ საკვები და სხვა პირველადი საგნები სჭირდებათ, მრავალი მათგანი კურიერებს მიმართავს, რომლებიც საკუთარ თავს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ, რადგან კონტაქტი უწევთ უამრავ მომხმარებელთან.
მომხმარებლებთან ძირითადად მიაქვთ ხილი და ბოსტნეული, მშრალი საკვები და ხშირად, საჩუქრად ვაფლებიც.
გარდა ამისა, სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით მომარაგების მხრივ კურიერებზე არიან დამოკიდებული უხანის საავადმყოფოებიც.
საკურიერო მომსახურების კომპანიები სერვისის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს აკეთებენ. ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ხუბეის პროვინციის კომერციის დეპარტამენტის დირექტორმა ქინ ჯუნმა აღნიშნა, რომ ელექტრონული კომერციის კომპანიები პროვინციის მასშტაბით დღეში 22 000 შეკვეთას იღებენ და ახორციელებენ 1337 ტონა პირველადი საჭიროების ნივთების გადატანას.
ჩინეთის უმსხვილესი საკურიერო კომპანიის, JD Logistics-ის განცხადებით, სერვისის შენარჩუნების მიზნით, ეპიდემიის დროს მათ დამატებით 20 000 ადამიანი დაიქირავეს.
უხანში მცხოვრებმა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელმა ერთ-ერთმა ფოტოჟურნალისტმა, რომელმაც ხელისუფლების შიშით ანონიმურად დარჩენა ისურვა, აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოს (NPR) ქალაქში გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომლებზეც ასახულია მოქმედებაში მყოფი კურიერები.
როდესაც NPR-მა ფოტოჟურნალისტს ჰკითხა, როგორ ახერხებენ კურიერები ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულებას დღეში 8-12 საათის განმავლობაში, ელექტრონულ ფოსტაზე მან მედიასაშუალებას მისწერა — „კურიერები ჭიანჭველები არიან. Მათი შეჩერება არაფერს შეუძლია“.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.