ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო მავრიკის საკმაოდ მწირი ბუნებრივი რესურსები აქვს. ისტორიულად, ეს ქვეყანა დამოკიდებულია იმპორტირებულ ნავთობზე, რომლისგანაც ელექტროენერგიას აწარმოებს.
თუმცა, Phys.org-ის ცნობით, კუნძულის ხელისუფლება ენერგოდეფიციტური მომავლისთვის სულ უფრო აქტიურად ემზადება.
ინვესტიციებს დებენ მზის, ქარის და ჰიდროენერგიაში, მაგრამ ამავე დროს იყენებს კუნძულის მთავარ სასოფლო-სამეურნეო კულტურას — შაქრის ლერწამს. ამ მცენარის ბიომასით ამჟამად კუნძულის ელექტროენერგიის 14 პროცენტს აწარმოებენ.
მადაგასკარის აღმოსავლეთით, პატარა კუნძულზე მდებარე მავრიკი ელექტროენერგიის მისაღებად წვავს ე. წ. ბაგაზას — ბოჭკოვან ნივთიერებას, რომელიც რჩება შაქრის დამუშავების შემდეგ.
გარდა ამისა, ენერგიის მწარმოებლები არ კარგავენ წარმოების პროცესში გამოყოფილ ნახშირორჟანგსაც, რომელსაც გამაგრილებელი სასმელების გაზირებისთვის იყენებენ.
მკვლევრებმა ბაგაზა უკვე აღიარეს იმედისმომცემ საწარმოო მასალად, მაგრამ მავრიკიმ ნათლად აჩვენა, რომ მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ელექტროენერგიის მისაღებად.
მავრიკის ენერგოინოვაციებმა შესაძლოა, მსოფლიოს სხვა ქვეყნები წაახალისოს.
„მავრიკის მთავრობის მიზანია, 2025 წლამდე 35 პროცენტით გაზარდოს განახლებადი ენერგიის წილი. მომავალი წლისთვის გვექნება მზის 11 და ქარის ორი სადგური“, — ამბობს მავრიკის ენერგეტიკის მინისტრი.