კუნძულ მადეირაზე ხანძრის გამო პორტუგალია ევროკავშირს დახმარებას სთხოვს
კუნძულ მადეირაზე ხანძრის გამო პორტუგალია ევროკავშირს დახმარებას სთხოვს.
პორტუგალიური მედიის ცნობით, კუნძულ მადეირაზე, უკვე ერთი კვირაა, მძვინვარებს ხანძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტყეს ემუქრება. სტიქიასთან საბრძოლველად პორტუგალიამ დახმარება ევროკავშირის სთხოვა.
„მომდევნო საათებში ჩვენ გავააქტიურებთ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს“, – ნათქვამია პორტუგალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხანძარი მადეირაზე, რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში 14 აგვისტოს გაჩნდა, რის შემდეგაც ძლიერი ქარის გამო გავრცელდა მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც. თანამგზავრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის შედეგად კუნძულის ტერიტორიის 4392 ჰექტარია დამწვარი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების ზონიდან კვამლით მოწამვლის საფრთხის გამო დაახლოებით 200 ადამიანია ევაკუირებული. დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პორტუგალიურ რადიოსადგურ RTP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონული სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრეზიდენტმა, ანტონიო ნუნიესმა განაცხადა, რომ ხანძრით გამოწვეული ზარალი ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა ცეცხლი სწრაფად უახლოვდება დაცულ სატყეო ზონას.