კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რესტავრაციის პროცესი გრძელდება. დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, კომპლექსურმა რესტავრაციამ უკვე მოიცვა ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადები, რომელთა დაზიანებული სეგმენტები ახალი თლილი ქვებით იმოსება.
მეათე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლის, კუმურდოს ჩამოშლილი კედლების აღდგენის პარალელურად, ინტერიერში თაღების, სვეტებისა და კაპიტელების აღდგენა მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც 2015 წელს ჩატარებული რამდენიმეწლიანი არქეოლოგიური კვლების შემდეგ დამტკიცდა, ტაძრის მთლიან აღდგენას ითვალისწინებს.
სამხრეთ კედელი ტაძრის შემკულობებით, ჩუქურთმებითა და სხვადასხვა პერიოდის წარწერებით ერთ-ერთი გამორჩეულია. სწორედ ამ მინაშენში აღდგენილი, ანგელოზის გამოსახულებიანი მეოთხე ჩუქურთმა იწვევს სპეციალისტების ერთ ნაწილში კრიტიკას.
ანგელოზის ჩუქურთმასთან დაკავშირებით, პირველ არხთან პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ჩუქურთმის აღდგენა საერთაშორისო პრაქტიკით დაშვებულია.
„პროექტირება სრულდება მაშინ, როდესაც სრულდება ძეგლზე რეაბილიტაცია. ეს ძალიან ცალსახა პროცესია. შესაბამისად. პროექტის პროცესში ჩუქურთმა შესაძლებელია მოიხსნას, დაიდოს ან ახალი გაკეთდეს. ამიტომ, ეს კვლევის საგანია. პროცესში სპეციალისტები არიან ჩართულები. მთავარია ეს და არა ის, რომ წინასწარ ავტეხოთ არაფრისმომცემი აჟიოტაჟი“,- აცხადებს ანთიძე.
ტაძრის ტერიტორიაზე პარალელურად, ამ დრომდე მიმდინარეობს 2015 წლიდან დაწყებული არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდგომაც წარიმართება. ისტორიული შრეების ორწლიანმა შესწავლამ, რომლის შედეგადაც ადგილზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები გამოავლინა, კუმურდოს ეკლესიის სარეაბილიტაციო პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა და ხელახლა დააკორექტირა.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ყველა ავთენტური ქვა.
ძეგლის რეაბილიტაციას სააგენტოსთან ერთად ფონდი „ქართუ“ სამი მილიონი ლარით აფინანსებს.
ტაძრის ტერიტორიაზე გრძელდება კვლევითი სამუშაოები, რომლის მიხედვითაც გუმბათის აღდგენის პროექტი უნდა დაზუსტდეს.
ისტორიული შრეების ორწლიანმა შესწავლამ კუმურდოს ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტის პირველადი ვარიანტი შეცვალა.
სამუშაოების დასრულება კუმურდოს ტაძარზე 2020 წლისთვის არის დაგეგმილი.