აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2020 წელს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტი განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდის“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და სსიპ „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციას“ მიერ გამოყოფილი გრანტის (200 000 ევრო) ფარგლებში, სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტირდება შენობის ექსტერიერი და ინტერიერი, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის დამატებით გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება. შედეგად, მუზეუმს საშუალება ექნება, ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმაოს თანამშრომლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონურ ქალაქებს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია სამი წელი გაგრძელდება და მას თბილისის განვითარების ფონდი წესების სრული დაცვით განახორციელებს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს. მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.