კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ სასცენო სამოსი გადასცა
კულტურის სამინისტრომ ანსამბლ „მართვეს“ სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ სასცენო სამოსი გადასცა.

ანსამბლი „მართვე“ 2018 წლიდან 2022 წლის 27 აპრილამდე სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“ სტრუქტურული ერთეული იყო. მიმდინარე წლის მაისიდან კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლ „მართვეს“ დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.

ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად კი მიხეილ ჯავახიშვილი დაინიშნა.

ანსამბლისთვის კომპანია „ფაფანაკის“ მიერ 50 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი „კულტურის მხარდაჭერისა პროგრამის ფარგლებში“ შეიკერა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჯავახიშვილი და ანსამბლის წევრები ესწრებოდნენ.

ბრიფინგზე მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის არქონაა.

სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია, არ მომხდარა, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი – 2021 წლის დეკემბერში გამოყოფილ იქნა 197 999 ლარი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის მათ საჭიროებაზე მორგებული სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკის“ მიერ ეტაპობრივად ხორციელდება ანსამბლებისთვის შეკერილი სასცენო სამოსის გადაცემა. ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში, რომელიც სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა, გამოყოფილია 141 000 ლარი და მის ფარგლებში ახალი სასცენო სამოსი კიდევ რვა ფოლკლორულ ანსამბლს გადაეცემა.

ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ 1978 წელს, თბილისის განათლების სამმართველოს ბავშვთა საერთაშორისო ფოლკლორული ცენტრის ბაზაზე დიდი ქართველი მოღვაწის ანზორ ერქომაიშვილის და წარსულში ამავე ცენტრის დირექტორის, აწ გარდაცვლილი ნათელა ჯიღაურის ინიციატივით დაარსდა. XX საუკუნის 80-იან წლებში მწვავედ დაისვა მომავალი თაობისთვის ეროვნული სამუსიკო კულტურისადმი ჭეშმარიტი ინტერესის გაღვივების საკითხი, 1976 წელს დაიბადა იდეა შექმნილიყო ბიჭუნათა გუნდი. ამ მიზნით მოწვეულ იქნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების თვალსაჩინო ლოტბარები, აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე.

მომღერალ ბიჭუნათა პირველი საკონცერტო პრემიერა 1978 წელს საქართველოს ტელევიზიით შედგა, გადაცემის მსვლელობისას მაყურებელს შესთავაზეს ანსამბლისთვის სახელის შერჩევა, სწორედ ასე შეირჩა საგარეჯოელი დავით შაქარაშვილის „მართვე“.

„მართვემ“ მყისიერად მოიპოვა პოპულარობა, მას თითქმის ყველა საზეიმო კონცერტზე იწვევდნენ, შედგა პირველი წარმატებული გასტროლებიც, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის კომპოზიტორების, დიმიტრი კაბალევსკისა და ოთარ თაქთაქიშვილის მხრიდან. 1980 წლიდან ანსამბლი უკვე დატვირთული იყო საგასტროლო განრიგით (ტაივანი, გერმანია, ჰოლანდია, რუსეთი, შვეიცარია, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ტაილანდი, ესპანეთი, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, აშშ, იტალია და სხვ), მათზე წერდა უცხოური პრესა. 44 წლის განმავლობაში „მართვემ“ მდიდარი რეპერტუარით, დიდი და საინტერესო შემოქმედებითი ბიოგრაფია შექმნა. ანსამბლმა სრულად შეცვალა საზოგადოებაში ეროვნული საგანძურის – ქართული ხალხური სიმღერისადმი დამოკიდებულება – ახალგაზრდობამ დაიწყო სიმღერის შესწავლა და შესრულება. ანსამბლი „მართვე“ არაერთი სახელმწიფო პრემიისა და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ანსამბლის შესახებ შექმნილია მუსიკალური ფილმი „მღერის „მართვე“, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოცემულია წიგნი, 2011 წელს კი, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, გაიხსნა „მართვეს“ ვარსკვლავი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან ანსამბლ „მართვეს“ დამაარსებლები და ხელმძღვანელები: ანსამბლის დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც 1978-2021 წლებში „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა დროს „მართვეს“ ლოტბარები იყვნენ ქართული სამუსიკო ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები კოტე მშვიდობაძე და რამინ მიქაბერიძე. 1995 წლიდან ანსამბლის მთავარი ლოტბარია „მართვეში“ აღზრდილი ვალერი ქუტიძე.