კულტურის სამინისტრო - გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევის კომპეტენცია ჩვენი მმართველობის სფეროს აღარ განეკუთვნება და ის განათლების სამინისტრომ უნდა შეარჩიოს
კულტურის სამინისტრო - გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევის კომპეტენცია ჩვენი მმართველობის სფეროს აღარ განეკუთვნება და ის განათლების სამინისტრომ უნდა შეარჩიოს

კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსის, „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერო-ში“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტავს, გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევის კომპეტენცია მისი მმართველობის სფეროს აღარ განეკუთვნება.

მათივე ცნობით, გაერო-ში წარმომადგენელი უნდა შეარჩიოს ახალმა უწყებამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

„სხვადასხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფერხებს გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევის პროცესს. სამინისტრო გმობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას და შეახსენებს მოცემულ მედიასაშუალებებს, რომ ახალგაზრდობასთან, მათ შორის, გაერო-ში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შერჩევის, კომპეტენცია მისი მმართველობის სფეროს აღარ განეკუთვნება 2024 წლის პირველი იანვრიდან.

2022 წელს, ღია კონკურსის შედეგად, ერთი წლის ვადით იქნა არჩეული გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი დავით ესათია, რომელსაც მიენიჭა შესაბამისი მანდატი. ახალგაზრდობის წარმომადგენელი თავისი უფლებამოსილების შესაბამისად მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრაში. მანდატის ფარგლებში მისთვის გამოიყო გრანტი 20 000 ლარის ოდენობით. დავით ესათიას უფლებამოსილებს ვადა 2023 წელს ამოეწურა.

ახალი წარმომადგენლის შესარჩევად 21 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო განაცხადების მიღების ვადა კონკურსანტთა დაბალი აქტივობის გამო ორჯერ გახანგრძლივდა და ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა მიეცა, განაცხადი წარედგინა 2023 წლის 14 სექტემბრამდე.

თუმცა კონკურსის შედეგად კანდიდატის შერჩევა აღარ მოხდა, ვინაიდან, 2023 წლის შემოდგომაზე გადაწყდა, რომ ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინაცვლებდა. დღესაც ვთვლით, რომ საქმის ინტერესიდან გამომდინარე, გაერო-ში წარმომადგენელი უნდა შეარჩიოს ახალმა უწყებამ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, რომელთანაც შერჩეულ წარმომადგენელს მოუწევს მუშაობა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარმატებებს უსურვებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.