კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა
კულტურის განვითარების ფონდს გრანტების გაცემის უფლება ოფიციალურად მიენიჭა

კულტურის ეროვნული ფონდი, მთავრობის დადგენილების თანახმად, კულტურის სფეროს სხვადასხვა პროექტზე გრანტის გამცემად განისაზღვრა.

კულტურის სფეროში კომპლექსურ რეფორმასა და სისტემურ ცვლილებებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, რეფორმა ევროკავშირის რეკომენდაციებს ეფუძნება და საქართველოს საჭიროებებს არის მორგებული.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, საჯარო დაფინანსების იდეალურ მოდელად მიჩნეულ იქნა „კულტურის ეროვნული ფონდის“ შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურის განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ განაწილებას, ეფექტიანად ადმინისტრირებასა და მონიტორინგს, უზრუნველყოფს კულტურის თანასწორ ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით რეგიონების-მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი განმარტავს, რომ ფონდის შექმნის მთავარი მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს გადასვლა საჯარო დაფინანსების თავისუფალ მოდელზე, რომელიც აპრობირებულია ევროპულ და არამხოლოდ ევროპულ ქვეყნებში.

მისი თქმით, კულტურის ეროვნული ფონდი პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე სხვადასხვა წყაროდან – კერძო თუ სახელმწიფო სექტორიდან, დონორი ორგანიზაციებიდან და ა.შ. და მეორე მხრივ, უზრუნველყოს ღია, თანმიმდევრული, სისტემური, გამჭვირვალე და კონცენტრირებული სექტორული დაფინანსება კულტურის სხვადასხვა სფეროში.

„2020 წლიდან, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, ახლად შექმნილი ფონდი სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე გრანტების გაცემასა და კულტურული პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. პროცესში ჩართული იქნებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა შერჩევაც როტაციის პრინციპით ყოველწლიურად მოხდება.

„კულტურის ეროვნული ფონდი“ იქნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანალოგი, რომელიც სამეცნიერო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. „კულტურის ეროვნული ფონდი“ კი,  კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ფონდი განსაზღვრავს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს და ფინანსურ რესურსს მათ დასაძლევად მიმართავს. ფონდისთვის შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც წინასწარ გამოქვეყნდება ინფორმაცია ნებისმიერი კონკურსის შესახებ. ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორგანიზაციას, რომელიც კულტურულ და შემოქმედებით სფეროს მოემსახურება“, – განაცხადა ლევან ხარატიშვილმა.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის განმახორციელებელი ფუნქცია დაეკისრება. ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება დაფინანსების თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება კი, კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაა.