არჩილ გორდულაძე - უცხოური თანხების ქართულ პოლიტიკაში ბრუნვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რადგან დაფინანსებას ყოველთვის მოჰყვება ინტერესები
არჩილ გორდულაძე - უცხოური თანხების ქართულ პოლიტიკაში ბრუნვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რადგან დაფინანსებას ყოველთვის მოჰყვება ინტერესები

უცხოური თანხების ქართულ პოლიტიკაში ბრუნვა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. პოლიტიკური აქტივობა უნდა დაფინანსდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ ქართული ფინანსებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, დაფინანსებას ყოველთვის მოჰყვება ინტერესები და მხოლოდ საქართველოს ინტერესები უნდა იყოს გატარებული პოლიტიკაში.

„სწორედ ამას ეხება „გრანტების შესახებ“ კანონპროექტი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ ასევე კომენტარი გააკეთა კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი – ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციასა და სუვერენიტეტს.

„სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმს რაც შეეხება, ეს არის ბრძოლა ძირითადი საფუძვლის წინააღმდეგ, იმ საფუძვლის, რომელიც შემდეგ გადაიზრდება ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. ჩვენი მიზანია, თავიანთი სურვილები და მიზნები ყველამ კანონის ჩარჩოში მოაქციოს და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას, სუვერენიტეტს. არ უნდა მოუწოდონ სხვებს, რომ კანონს არ დაემორჩილონ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.