ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, ჩუღურეთის, გლდანის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, ნაძალადევის და სამგორის შემდეგ დასაქმების ფორუმს კრწანისის რაიონმა უმასპინძლა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA- ში კრწანისის რაიონის გამგებლის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ს ჩართულობით თბილისის მასშტაბით მერვე დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ამჯერად დამსაქმებლებმა სხვადასხვა სფეროდან შრომის ბაზარზე არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინეს, ფორუმზე 25-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი ვაკანსიით წარსდგა. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო, საბანკო და სხვა სფეროდან.
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების, სერვისების და სამომავლო გეგმების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ბეზარაშვილმა მიაწოდა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ერთობლივად ორგანიზებული ფორუმის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ სასიკეთო შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
ფორუმის მასპინძელმა „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA-ის დირექტორმა ია ერაძემ დამსაქმებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მჭიდრო თანამშრომლობის საჭირებას შეეხო.
მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მნიშვნელოვანია, სამუშაოს მაძიებლების უკეთესი
დასაქმებისთვის კომპანიებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზოს.
დასაქმების ფორუმის შესახებ მოქალაქეები წინსწრებით სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებით იგენებენ. თავად ფორუმი, კი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ სხვადასხვა შეთავაზებას და უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთ სივრცეში პოტენციურ დამსაქმებელთან.
მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჩართულობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 დასაქმების ფორუმი ჩატარდა.