„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გარდაცვლილთა ცხედრები კომპლექსის ტერიტორიაზე, ნანგრევებში აღმოაჩინეს, სადაც სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
რუსულ მედია საშუალებებში ვრცელდება ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელის დაკითხვის კადრები.
ეჭვმიტანილის თქმით, მას ტერაქტის განსახორციელებლად 500 ათასი რუბლი გადაუხადეს. დამკვეთი მას „ტელეგრამის“ საშუალებით დაუკავშირდა და თანხის ნახევარი საბანკო ბარათზე ჩაურიცხა. თავდასხმისთვის მომზადებას კი ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.