საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი კრისტინ ლაგარდი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 15 ახალგაზრდა მეწარმეს ტექნოპარკში შეხვდნენ.
ახალგაზრდა მეწარმეებმა კრისტინ ლაგარდს სტარტაპები გააცნეს და მის შეკითხვებს უპასუხეს.
როგორც გვენეტაძემ განაცხადა, ტექნოპარკში შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოთხოვნით შედგა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხედავს და იცის, რომ ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უნდა იყოს კერძო სექტორი. ქალბატონმა ლაგარდმა თავად მოისმინა იმ იდეების შესახებ, რომელიც აქ დაიბადა, რომელზეც აქ მუშაობენ და იმ გეგმების შესახებ, რომელიც ამ სტარტაპერებს აქვთ. ვფიქრობ, რომ ასეთი პროგრამა და ასეთი პროგრამის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც საფინანსო სექტორის მიმართულებით. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა და ქალბატონმა ლაგარდმა ეს აღნიშნა თავის დასკვნით სიტყვაშიც“,- განაცხადა გვენეტაძემ.