კოვიდინფიცირებულთა მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან
კოვიდინფიცირებულთა მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთვებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის პრეზიდენტმა, დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, სადაზღვევო სექტორი ონლაინკლინიკების ფორმატში მეთვალყურეობას და მონიტორინგს გაუწევს მათივე კომპანიაში დაზღვეულ იმ პაციენტებს, რომლებიც სახლის პირობებში მკურნალობენ.
„დაზღვეულების მიმართებით უნდა დავიწყოთ კოვიდის მართვა. ზარის შემოსვლის შემდეგ უნდა გააკეთდეს ე.წ. ტრიაჟი – ადამიანი მოთავსდეს საავადმყოფოში, სასტუმროში, თუ დარჩეს სახლში. ასევე, ვინც დარჩება სახლში, მათი მომსახურება უნდა განხორციელდეს ათი ან 13 დღის განმავლობაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს არის კოვიდის მართვაში სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის პირველი ნაბიჯი. გვყავს ექვსი ათასამდე ინფიცირებული, აქედან სამი ათასი სახლში მკურნალობს, მათგან დაახლოებით მეექვსედი არის დაზღვეული“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ტიკარაძემ კომპანიების მხრიდან მოისმინა, რა ფორმით შეიძლება, კერძო დაზღვევის ოჯახის ექიმები ონლაინკლინიკების მუშაობაში ჩაერთონ.
ჯანდაცვის სამინისტროში ტექნიკური შინაარსის კიდევ ერთი შეხვედრა ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, როდის ჩაერთვება პროცესში კერძო სადაზღვევო სექტორი.