ირაკლი ქადაგიშვილი - არ ვეთანხმები სადაზღვევო კომპანიების კრიტერიუმებს, ის მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს
ირაკლი ქადაგიშვილი - არ ვეთანხმები სადაზღვევო კომპანიების კრიტერიუმებს, ის მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს

არ ვეთანხმები სადაზღვევო კომპანიების კრიტერიუმებს, ის მომხმარებლის სასარგებლოდ უნდა შეიცვალოს, – ასე გამოეხმაურა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პოზიციას, სადაზღვევო კომპანიების მიერ აგროდაზღვევის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.

კახეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ზოგიერთი კომპანია მზად არის, დათმობებზე წავიდეს.

ირაკლი ქადაგიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფერმერებს, რომელთაც ბანკისგან სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან აღებული სესხის აქვთ დასაფარი, ბანკთან შუამდგომლობას ჰპირდება.

„თუ ბანკიდან აქვთ კრედიტი აღებული, ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება, ბანკებთან შუამდგომლობის გაწევა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება სტიქიის შედეგად მოსახლეობის დახმარების საკითხს, გუბერნატორის თქმით, დახმარება გაეწევა მხოლოდ ისეთ ოჯახებს, ვისი სახლიც საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა.

„სახლებს სპეციალური კომისია შეაფასებს და აღდგენისათვის სახსრების გამოყოფა მოხდება. თუმცა, როგორც ცნობილია, ლაგოდეხში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.