დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებას უარით პასუხობს
დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებას უარით პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანიების წინადადებას უარით პასუხობს. საუბარია სადაზღვეო კომპანიების შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს უფლება მიეცეთ, ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამითა და კერძო სადაზღვევო პაკეტებით.

როგორც მან პირველ არხთან განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის 3 მლნ 700 ათასი მოქალაქიდან 2 მლნ 200 ათას ადამიანს მსგავსი არჩევანი უკვე აქვს და შეუძლია, ე.წ. დაშენებული პაკეტებით ისარგებლოს.

„ოღონდ ეს უნდა იყოს რეალურად დაშენებული პაკეტი და არა სრულ პაკეტად გაყიდული მინიმალური შეთავაზება. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, ბურთი სადაზღვევო ინდუსტრიის მოედანზეა. სწორედ მათ უნდა დათვალონ, რა დაუჯდებათ იმ პაკეტის ანალოგი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. უნდა განისაზღვროს თამასა, რომლის ქვევითაც არის საყოველთაო ჯანდაცვა, ხოლო ზევით – დაშენებული პაკეტი“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკოს თქმით, წლების განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებს ამის შესახებ არაერთხელ განემარტათ, თუმცა უშედეგოდ.

2017 წლის მაისიდან ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა კერძო სადაზღვევო პოლისების მქონე საშუალო შემოსავლიანი მოქალაქეების ნაწილს შეეზღუდა. მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავლების ოდენობა 40 ათას ლარს არ აღემატება, შემავსებელი პაკეტით სარგებლობის უფლება არ აქვთ.

„სადაზღვევო კომპანიების ასოციაცია“ ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ იმ მოქალაქეების სიის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად, კერძო დაზღვევაც შეუძლია ჰქონდეთ. „სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ“ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული შეთავაზებით ორი თვის წინ მიმართა.