დავით სერგეენკო - სადაზღვევო კომპანიები რასაც გვთავაზობენ, ამდენი წელია, ჩვენ იქით ვითხოვთ, თუმცა შედეგი არ არის
დავით სერგეენკო - სადაზღვევო კომპანიები რასაც გვთავაზობენ, ამდენი წელია, ჩვენ იქით ვითხოვთ, თუმცა შედეგი არ არის

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის ე.წ. ზედნაშენ პაკეტებს გულისხმობს, ახალი არაფერია და ამას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია იქით ითხოვს.

მინისტრის თქმით, შესაბამისად, მცირედით გასაკვირია, რატომ მიმართეს სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის უწყებას ამის თაობაზე ტრიბუნიდან.

„გუშინ ეს მართლაც საინტერესო მოვლენა იყო. სახელმწიფო მკაფიოდ აცნობიერებს, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილია და მათ მდგრადობაზე სისტემის მდგრადობაა დამოკიდებული. ვაცნობიერებდით რა, ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ნაბიჯი გადავდგით, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ სადაზღვევო ინდუსტრია დღეს არსებობს და ვითარდება. სხვანაირად ვერ იარსებებდა. ის, რასაც სადაზღვევო ასოციაცია გვთავაზობს, ზედნაშენ პაკეტებს, ჩვენ ამის ლეგალური საშუალება 2016 წლის მაისში მივეცით საქართველოს მოსახლეობის 2 მილიონ 300 ათას ადამიანზე. თუმცა ჩვენ ამ მხრივ, მათგან რამე სისტემური გარღვევა ვერ დავინახეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიებმა სისტემურად ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რომ 2 მილიონზე მეტ ადამიანზე ე.წ. ზედნაშენი პაკეტები გაეყიდათ.

„მეორე, რასაც აღნიშნავენ არის ის, რომ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის მხრივ დაგვეხმარებიან, ეს ყველაფერი როგორ გავაკეთოთ. ამ წლის მაისში დავიწყეთ პროექტი, რომელიც ევროკავშირშიც მიმდინარეობს და მათი აქტივობა აქაც ვერ დავინახეთ.

მათ მივეცით საშუალება 2 მილიონზე მეტ ადამიანზე გაეყიდათ ზედნაშენი პაკეტები და სისტემურად ამის გაკეთება ვერ შეძლეს, მაგრამ სურთმ მთელი მოსახლეობა მოიცვან. ეს ერთ რამეზეა დამოკიდებული, რომელიც ასევე მათი გასაკეთებელია. საბაზო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მოსახლეობას ვაწვდით, საშუალოდ 18 ლარი გვიჯდება, მათ თავიანთი ფასი უნდა დაადონ, რომ სერვისების და ფინანსების მხრივ გაიმიჯნოს რას ნიშნავს, საბაზო და ზედნაშენი პაკეტი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამას 2016 წლიდან ითხოვს, თუმცა შედეგი არ არის.

დავით სერგეენკო მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნული საკითხი სადაზღვევო კომპანიებთან სამუშაო რეჟიმში განიხილონ.

„ცოტა გამიკვირდა, რატომ მოგვმართეს ბრიფინგით და ტრიბუნიდან მოგვიწოდეს, რასაც იქით ვთხოვთ ამდენი წელია და ხელს ვუწყობთ, რომ გააკეთონ. თუ ასე ურჩევნიათ, დაე ასე იყოს. მეც ტრიბუნიდან მივმართავ, რომ მოვიდნენ და ეს ყველაფერი ერთად, სამუშაო რეჟიმში გაიარონ. ისინი არ გვთავაზობენ ისეთ სიახლეს, რასაც ჩვენ ამდენი ხანი არ ვეხვეწებოდით. რომ შევაჯამოთ, 6 წლის განმავლობაში მათთან ამ თემაზე რამდენი საათი მიმსჯელია მხოლოდ მე, ალბათ, ჯამში უწყვეტად ერთი თვე გამოვა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კერძო სადაზღვევო კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდეს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ.