„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით „იმუშავე საქართველოდან“ პროგრამის მონაწილეები აიცრებიან
„იმუშავე საქართველოდან“ მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოში ვაქცინაციას შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში დღეს შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა.
„იმუშავე საქართველოდან“ პროექტი პანდემიის პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. პროექტის მიზანია საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორთა მოზიდვა, რომლებიც საქართველოში საშუალოდ ექვსი თვე დარჩებიან, ხოლო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია.
პროექტის შედეგად, საქართველო გრძელვადიან საერთაშორისო ვიზიტორებს მასპინძლობს, რომლებიც დანაზოგებს ტურისტული, სამომხმარებლო სერვისისა და პროდუქციის მიღების მიზნით ხარჯავენ. 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 9 ივლისის ჩათვლით „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის მიზნით 90-ზე მეტი ქვეყნის 3 037 მოქალაქე დარეგისტრირდა. მიღებული აპლიკაციებიდან 2 260-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პროგრამაში მონაწილეობისათვის ნებართვა მიიღო“, – აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში საქართველოში ამ დროისთვის შემოვიდა 1 108 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ.