კოსმოსურ სამეზობლოში, ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში დედამიწის მსგავსი ორი პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
კოსმოსურ სამეზობლოში, ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში დედამიწის მსგავსი ორი პლანეტა აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ასტრონომებმა აღმოაჩინეს დედამიწის მსგავსი მასის ორი პლანეტა, რომლებიც წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, სახელად GJ 1002-ის სასიცოცხლო ზონაში მოძრაობენ.

სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, რომელიც მისგან ისეთ მანძილზეა, რომ იქ მოძრავ პლანეტების ზედაპირზე ხელსაყრელი ტემპერატურა იქნება თხევადი წყლის არსებობისთვის — არც ძალიან სიცხე და არც ძალიან სიცივე.

„GJ 1002 წითელი ჯუჯა ვარსკვლავია, აქვს მზის მასის მხოლოდ ერთი-მერვედი. საკმაოდ ცივი, მკრთალი ვარსკვლავია. შესაბამისად, მისი სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან ძლიერ ახლოს არის“, — ამბობს კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტის (IAC) ასტროფიზიკოსი ვერა მარია პასენგერი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერი ვიცით, არის თუ არა იქ არამიწიერი სიცოცხლე ან თხევადი წყალი, პლანეტები GJ 1002b და GJ 1002c, მრავალმხრივ არის საინტერესო; ჩვენგან მათ სულ რაღაც 16 სინათლის წელიწადი აშორებს, რაც ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან ახლო მანძილად ითვლება.

ამ ვარსკვლავსა და მის პლანეტებზე დაკვირვებებისთვის ორი უმძლავრესი ინსტრუმენტი ESPRESSO და CARMENES-ი გამოიყენეს.

GJ 1002-ს მკრთალი სინათლე ძლიერი მგრძნობელობის ინსტრუმენტებს მოითხოვს. მკვლევართა ჯგუფმა მისი ამ ორი პლანეტის აღმოსაჩენად 2017-2021 წლებში 139 სპექტროსკოპიული დაკვირვება ჩაატარა.

სხვათა შორის, ამ პლანეტების შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, გარდა მათი ადგილმდებარეობისა. GJ 1002b ვარსკვლავთან უფრო ახლოს არის და მის გარშემო ერთ შემოვლას 10 დღეს ანდომებს; GJ 1002c უფრო შორსაა და 20-დღიან ორბიტაზე მოძრაობს.

კარგი ამბავი ის არის, რომ ვარსკვლავთან ასე ახლოს ყოფნის გამო, GJ 1002b-სა და GJ 1002c-ზე დეტალური დაკვირვებების ჩატარება ადვილია. შემდეგი ნაბიჯი იქნება მათი ატმოსფეროების შეფასება არეკლილი სინათლის ან გამოყოფილი სითბოს საფუძველზე.

„ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) უკიდურესად დიდი ტელესკოპის (ELT) ინსტრუმენტ ANDES-ით სამომავლო დაკვირვებებით, შეიძლება შევისწავლოთ, არის თუ არა ჟანგბადი GJ 1002c-ის ატმოსფეროში“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ხონაი გონსალეს ერნანდესი.

უკვე აღმოჩენილია ჯამში 5000 ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტები მზის სისტემის მიღმა. სულ უფრო უმჯობესდება ტელესკოპები და მონაცემთა დამუშავების ალგორითმები და შესაბამისად, შესაძლებელია დედამიწიდან ძლიერ შორს მდებარე პატარა ობიექტების აღმოჩენა.

ტექნოლოგიების ასე გაუმჯობესების წყალობით, სულ უფრო ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც შეგვეძლება ასე შორეულ პლანეტებზე სიცოცხლის ქიმიური კვალის გაზომვა.

„ბუნება გვიმხელს, რომ სამყაროში დედამიწის მსგავსი პლანეტები ძლიერ გავრცელებულია“, — ამბობს ასტროფიზიკოსი ალეხანდრო სუარეს მასკერანიო.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია iac.es-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.