კორონავირუსთან დაკავშირებული 11 რეკომენდაცია თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
საქართველოში კორონავირუსის ინფექციის შემდგომი გავრცელების შესაკავებლად, 11 რეკომენდაცია შემუშავდა.
როგორც დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აღნიშნული რეკომენდაციები ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.
კერძოდ, ინფექციის მაღალი გავრცელების არეალიდან დაბრუნებულ ადამიანებს, აგრეთვე დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს.
ეს რეკომენდაციებია:
პირველი – დარჩით სახლში და ის საჭიროებები, მაგალითად მედიკამენტების ყიდვა არა თქვენ, არამედ დამხმარე ადამიანებმა უზრუნველყონ.
მეორე – შეზღუდეთ კონტაქტები თქვენთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან და იყავით განცალკევებულ საძინებელში. ეცადეთ მაქსიმალურად იშვიათად გამოხვიდეთ ოთახიდან, გამოსვლისას კი აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი.
მესამე – თუ იზოლაციაში მყოფ ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, ის წინასწარ უნდა დაუკავშირდეს თავის პროვაიდერს, წინასწარ დაგეგმოს ვიზიტი ამა თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მისვლისას გამოიყენოს ნიღაბი.
მეოთხე – გამოიყენეთ ნიღაბი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გიწევთ საერთო სივრცეებში გასვლა თუნდაც ოჯახის სხვა წევრებთან.
მეხუთე – ხველისა და ცემინების ეტიკეტი – ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი და გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.
მეექვსე – ცემინების, ხველის, ხელის დაბინძურების, საკვების მიღების, ტუალეტის გამოყენების შემდეგ, აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით.
მეშვიდე – არ გამოიყენოთ საზიარო საყოფაცხოვრებო საგნები სხვა ადამიანებთან ერთად. იზოლაციაში მყოფს უნდა ჰქონდეს თავისთვის გამოყოფილი თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი და ა.შ.
მერვე – დააკვირდით ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმპტომებს. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიმჩნევა, სასწრაფოდ დაუკავშირდით საკონტაქტო პირებს.
მეცხრე – ნუ მიიღებთ ამ პერიოდში სტუმრებს, თუ რაიმე სასწრაფოა, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, მოახერხოთ სატელეფონო კონტაქტი.
მეათე – თუ გყავთ შინაური ცხოველები, ეცადეთ მათთან კონტაქტი შეზღუდოთ ან თუ იძულებული ხართ, გქონდეთ კონტაქტი, აუცილებლად დაიბანეთ ხელი მანამდე და შემდეგ.
მეთერთმეტე – გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები, ნიღბები მოათავსეთ ცელოფნის პარკში, რომელსაც გადააკრავთ თავს, მოათავსეთ განმეორებით პარკში და გაანადგურეთ საერთო საყოფაცხოვრო ნარჩენებთან ერთად, ასეთ პარკში კი საკვების ნარჩენები არ მოათავსოთ.