კორონავირუსის ვაქცინები — რომლებს იყენებს მსოფლიო და რომელს ელოდება საქართველო #1tvმეცნიერება
კორონავირუსის ვაქცინები — რომლებს იყენებს მსოფლიო და რომელს ელოდება საქართველო #1tvმეცნიერება

ამ დროისათვის, მსოფლიოს 178 ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინის მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული.

ინფიცირებისა და საავადმყოფოში მოხვედრის შანსების შემცირების მიზნით, რამდენიმე სხვადასხვა ვაქცინა გამოიყენება.

რატომ არის საჭირო ვაქცინა

ვირუსის გამოჩენიდან უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მის მიმართ კვლავ მოწყვლადია.

ვირუსის გავრცელების კონტროლის ერთადერთ გზად ჯერ ისევ შეზღუდვები რჩება.

ვაქცინები ჩვენს სხეულს ინფექციასთან ბრძოლას ასწავლის და პანდემიიდან გამოსვლის ერთადერთი სტრატეგიაა.

დიდი სამეული — Pfizer/BioNtech, Moderna და ოქსფორდი/AstraZeneca

ამჟამინდელი სამი წამყვანი ვაქცინებია Pfizer/BioNtech, Moderna და ოქსფორდი/AstraZeneca.

Pfizer-მა და Moderna-მ რნმ ვაქცინები შექმნეს — ახალი მეთოდი, რომელიც ვაქცინის წარმოუდგენლად სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა.

მათი მეშვეობით, ორგანიზმში შედის ვირუსის გენეტიკური კოდის ციცქნა ფრაგმენტები, რომლებიც კორონავირუსის ცილის წარმოქმნას იწყებენ და სხეულის იმუნურ პასუხს იწვევენ.

ეს სამი ვაქცინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ავტორიზებული.

ცოტათი სხვანაირია ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც იმავე გენეტიკური მასალის ორგანიზმში შესატანად უსაფრთხო ვირუსს იყენებს. დანარჩენი ორი ვაქცინისგან განსხვავებით, რომელთა შესანახადაც საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა საჭირო, ოქსფორდის ვაქცინა ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახება. სამივე ვაქცინა ორი დოზით კეთდება.

Janssen-ი და Novavax-ი

ამ ორი ახალი ვაქცინის ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდების შედეგები ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

Johnson & Johnson-ის შვილობილი კომპანიის, Janssen-ის ვაქცინას და კიდევ ერთი სხვა კომპანიის, Novavax-ის ვაქცინას ამჟამად მარეგულირებელი ორგანოები ამოწმებენ.

Janssen-ის ვაქცინა ოქსფორდის მსგავს მეთოდს იყენებს, მაგრამ მთავარი განსხვავება ის არის, რომ ერთდოზიანია; გარდა ამისა, ინახება ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე და კომპანია წელსვე გეგმავს მილიარდი დოზის წარმოებას, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მსოფლიოზე.

Novavax იყენებს ვაქცინების უფრო განსხვავებულ, ძველი სკოლის მიდგომას — ვირუსის ცილებსა და ქიმიურ ნივთიერებას, რათა სხეულის იმუნური პასუხი გამოიწვიოს.

სხვა ვაქცინები

არის სხვა საყურადღებო ვაქცინებიც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ ევროპასა და აშშ-ში არ გამოიყენება.

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს Sinovac-ის, CanSino-სა და Sinopharm-ის ვაქცინები, რომლებიც ამჟამად აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც გამოიყენება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთში „სინოფარმის“ ვაქცინით მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგების მიხედვით, ასევე ეფექტიანია რუსეთის გამალეიის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინა Sputnik V. ისიც იგივე მეთოდით არის დამზადებული, რითაც ოქსფორდისა და Janssen-ის ვაქცინები.

ვაქცინები საქართველოში

საქართველოში ამჟამად ორი ვაქცინა გამოიყენება — ოქსფორდი/AstraZeneca და Pfizer/BioNtech-ი. ამასთან, AstraZeneca-ს მიღება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებს შეუძლიათ. 4 მაისიდან ქვეყანაში 18-55 წლამდე პირთა ვაქცინაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით დაიწყება, იქამდე კი ცნობილი გახდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება მისთვის საგანგებო ავტორიზაციის მინიჭება-არმინიჭების თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 აპრილს ქვეყანაში ჩამოვა ჩინური Sinovac-ის ვაქცინის 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს აჩუქა. სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Pfizer-თან და Novavax-თან, რომელთა ვაქცინებსაც ზაფხულში უნდა ველოდოთ.

არის თუ არა ისინი თანაბრად ეფექტიანი

ერთი კომპანიის შედეგების მეორესთან შედარება რთულია, რადგან კლინიკური ცდები ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებული გზით ტარდება და სხვადასხვა ადგილას.

მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ყველა მთავარ ვაქცინას დიდი გავლენა აქვს თქვენს შანსზე, რომ COVID-19-ით საავადმყოფოში მოხვდეთ ან დაიღუპოთ.

თუმცა, ამ დროისათვის ბოლომდე ცნობილი არ არის პასუხი ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე — გვიცავს თუ არა ისინი ინფიცირებისგან.

შტამები

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უკვე გამოჩნდა კორონავირუსის ახალი შტამები.

ამასობაში, გამაფრთხილებელი ნიშანი გაისმა Janssen-ისა და Novavax-ისგან, რომლებსაც ახალ ვარიანტთა შესახებ პირველი „რეალური ცხოვრების“ მონაცემები აქვთ.

ორივე მათგანმა ნაკლები ზოგადი ეფექტიანობა აჩვენა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ერთ-ერთი ახალი შტამია გავრცელებული.

შედეგები მაინც კარგი და აშკარად უკეთესია, ვიდრე საერთოდ ვაქცინაციის გარეშე, მაგრამ მკაფიოდ წარმოაჩენს, როგორ იცვლის კორონავირუსი სამიზნეს.

სამომავლოდ შეიძლება საჭირო გახდეს ვაქცინების შეცვლა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი