კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ბრიტანული შტამი — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება
კორონავირუსის სწრაფად გავრცელებადი ბრიტანული შტამი — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ #1tvმეცნიერება

ცოტა ხნის წინ, სამხრეთ ინგლისში კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი გავრცელდა, რომელსაც B.1.1.7 უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ყველა დეტალი არ ვიცით, ექსპერტები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ ის უფრო ადვილად გადამდებია, ვიდრე სხვა შტამები. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც ამჟამად ამ ახალი შტამის შესახებ არის ცნობილი.

რა არის?

ჟურნალ Science-ის ცნობით, SARS-CoV-2-ის შტამი B.1.1.7 წარმოადგენს ვირუსის ვერსიას 23 მუტაციით, რომელთაგან რვა მუტაცია გვხვდება ვირუსის იმ წვეტ წილებში, რომლებსაც ის ადამიანის უჯრედზე მისაკრობად და შესასვლელად იყენებს.

საიდან მოდის?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, პირველად ის 21 სექტემბერს, ინგლისის კენტის საგრაფოში დააფიქსირეს, მასშტაბური გავრცელება კი ნოემბერში მოხდა.

ამის შემდეგ, ის ინგლისში ყველაზე გავრცელებული ვარიანტი გახდა და ოქტომბრიდან 13 დეკემბრამდე, სწორედ ამ შტამზე მოდიოდა ახალ შემთხვევათა 50 პროცენტზე მეტი.

ჟურნალ Science-ის ცნობით, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვირუსის მუტაცია შეიძლება მოხდა ადამიანში, რომელსაც შესუსტებული იმუნიტეტი ჰქონდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გრიპისგან განსხვავებით, ახალ კორონავირუსს შეუძლია შეასწოროს გამრავლების დროს წარმოქმნილი შეცდომები და შესაბამისად, აქვს საკმაოდ სტაბილური გენომი.

ამავე დროს, კვლევები აჩვენებს, რომ შესუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, რომლებიც იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს იღებენ ან ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, ინფექციურ ვირუსს შეიძლება თვეების განმავლობაში მასპინძლობდნენ. ეს კი ვირუსს მუტაციათა მრავალ შანსს აძლევს, რაც მას გამრავლებაში ან იმუნური სისტემისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

რას აკეთებს ეს მუტაციები?

ჯერ დაზუსტებით არ ვიცით. ვირუსები მუტაციას გამუდმებით განიცდიან და ამ ცვლილებათა უმრავლესობა ვირუსის ინფექციურობაზე ან მომაკვდინებლობაზე გავლენას არ ახდენს. ამ შემთხვევაში, მუტაციათა გარკვეული ნაწილი შეიძლება მთლად შემთხვევით წარმოიშვა და შესაძლოა, გავლენა არ მოახდინოს ვირუსის ფუნქციაზე.

თუმცა, ექსპერტებს განსაკუთრებით აშფოთებს სამი მუტაცია.

ერთი მათგანი, ორი ამინომჟავის წაშლა, რასაც 69-70Delta უწოდეს, პირველად დააფიქსირეს პაციენტში, რომელიც იმუნიტეტის დამთრგუნველი პრეპარატებით მკურნალობდა და რომელიც COVID-19-ით დაინფიცირდა.

პაციენტს მისცეს რემდესევირი, გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა და გამანეიტრალებელი ანტისხეულები, მაგრამ რამდენიმე თვეში ის მაინც დაიღუპა. როგორც მკვლევრები იუწყებიან (კვლევა ჯერ რეზენცირებული არ არის), ვირუსს თავდაპირველად ეს ამოშლა (დელეცია) არ ჰქონდა, მაგრამ თვეების განმავლობაში მიიღო.

ავტორები ეჭვობენ, რომ ის იმუნური სისტემიმისგან თავის დაღწევის მიზნით განვითარდა. ამ დელეციასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ასპექტი ის არის, რომ შეუძლია, SARS-CoV-2-ის PCR ტესტის ერთ-ერთი სამიზნეზე, S გენზე შეცდომით მიუთითოს უარყოფითი. ზოგიერთი ტესტი დადებითს მხოლოდ ამ S გენზე დაყრდნობით უჩვენებს და შესაბამისად, ახალ ვარიანტს ვერ დააფიქსირებს. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, PCR ტესტების უმეტესობა წვეტი ცილების სამ ცალკეულ რეგიონს ამოწმებს და ვირუსის ახალი ვარიანტი მათ ვერ დაემალება.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, კიდევ ერთი მუტაცია, სახელად N501Y, ცვლის იმ საკვანძო ამინომჟავებს, რომლებიც წარმოქმნიან SARS-CoV-2-ის ე. წ. რეცეპტორის შემბოჭველ დომენს, რომელშიც ამინომჟავა ასპარაგინი (N) ჩანაცვლებულია ტიროზინით (Y) ვირუსის იმ ნაწილში, რომელიც ადამიანის უჯრედის ACE2 რეცეპტორს ეკვრის. ჟურნალ Cell-ში სექტემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს ვარიანტი ACE2 რეცეპტორს უფრო მჭიდროდ ეკვრის, ვიდრე კორონავირუსის სხვა ვარიანეტები — ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე ასე ხდება ლაბორატორიაში.

ამ მუტაციაზე დადებითი შედეგი აჩვენა სამხრეთ აფრიკიდან და ავსტრალიიდან აღებულმა SARS-CoV-2-ის ათობით ნიმუშმა, მაგრამ როგორც ლაბორატორიული ტესტები მიუთითებს, სამხრეთაფრიკულ და ბრიტანულ ვარიანტებში ერთი და იგივე მუტაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოხდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის ვირუსს შეიძლება ევოლუციურ უპირატესობას ანიჭებდეს.

მესამე საეჭვო მუტაციაა P681H, რომელიც ასევე ვირუსის რეცეპტორის შემბოჭველ დომენში მოხდა. ბრიტანეთის COVID-19-ის გენომიკის კონსორციუმის პირველადი ინფორმაციის თანახმად, ეს მუტაცია მოთავსებულია ფერმენტ ფურინის დაყოფის ადგილის გვერდით, სწორედ იქ, სადაც წვეტი ცილა იპობა, რათა ვირუსს უჯრედში შესვლის საშუალება მისცეს.

ვრცელდება თუ არა უფრო ადვილად?

დიახ. ბრიტანეთის მათემატიკური მოდელირებისა და ინფექციურ დაავადებათა ცენტრის (CMMID) მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ (ჯერ რეცენზირებული არ არის), ექსპერტები ახლა უკვე ფიქრობენ, რომ ახალი ვარიანტი 50-74 პროცენტით უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა დომინანტი შტამები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ეს 0,4-ით გაზრდის ძირითად რეპროდუქციულ რიცხვ R-ს, ანუ მაჩვენებელს, რომელიც ზომავს, რამდენ ადამიანს აინფიცირებს ვირუსით ერთი ინფიცირებული ადამიანი.

ასეთ ზრდაზე დაფუძნებული მოდელების მიხედვით, იანვრის შუა რიცხვებში, ახალ ვარიანტზე უნდა მოდიოდეს COVID-19-ის ახალი შემთხვევათა 90 პროცენტი ლონდონსა და სამხრეთ ინგლისში.

არის თუ არა უფრო მომაკვდინებელი?

ჯერ არ ვიცით, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ არა. თუმცა, ის გაცილებით ადვილად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო ბევრ ადამიანს დასჭირდება ჰოსპიტალიზება. საავადმყოფოების გადატვირთვის შემთხვევაში კი, შემცირდება მძიმე პაციენტთა მკურნალობის ხარისხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

CMMID-ის კვლევის მიხედვით, სწორედ ახალი ვარიანტით შეიძლება აიხსნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდა, რადგან გაიზარდა ვირუსის გავრცელება და არა იმიტომ, რომ ვირუსი უფრო სახიფათოა.

CMMID-ის მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ჯერ ასევე არარეცენზირებულია, მათემატიკური მოდელები გამოიყენეს, რათა ენახათ, ლონდონში შემთხვევების სწრაფი ზრდა ვირუსის ინფექციურობის ზრდის შედეგი იყო თუ მისი უფრო სიმწვავის. აღმოჩნდა, რომ ეს უკანასკნელი მონაცემებს კარგად არ შეესაბამებოდა, პირველი კი საკმაოდ კარგად ემთხვეოდა.

ინფიცირდებიან თუ არა ბავშვები ამ ვარიანტით უფრო ადვილად?

წარსულში აღმოჩენილი რამდენიმ მტკიცებულება მიუთითებს, რომ ბავშვები ახალი კორონავირუსისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. თუკი ვირუსის ახალი შტამი უჯერდში უფრო ადვილად შედის, არსებობს შანსი, რომ ბავშვებში ის შეიძლება უფრო ადვილად გავრცელდეს. თუმცა, ამის გასარკვევად საჭიროა დამატებითი კვლევები.

ინგლისში ინფიცირების შემთხვევათა მატებისას, მოიმატა ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელმაც. მატება არ დაფიქსირებულა შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ბავშვები სკოლებში დაბრუნდნენ. თუმცა, სკოლები მაშინ გაიხსნა, როდესაც ბევრი რამ ჯერ ისევ დაკეტილი იყო. შესაბამისად, შესაძლოა, სკოლები ვირუსის გავრცელების შედარებით მცირე შანსებს ფლობდეს. ჯერჯრობით შეუძლებელია იმის თქმა, რომ ბავშვები ახალი ვარიანტით შედარებით ადვილად ინფიცირდებიან და ავრცელებენ.

იმოქმედებს თუ არა ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ?

ექსპერტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვაქცინები ბრიტანეთში გამოჩენილი ახალი შტამის წინააღმდეგ იმოქმედებს. როდესაც ვაქცინა იმუნურ სისტემას ასტიმულირებს, სხეული წარმოქმნის უჯრედთა მთელ არსენალს, რომლებიც ვირუსის მრავალ სხვადასხვა ნაწილს იჭერენ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ცნობით, რამდენიმე ადგილას მომხდარი მუტაცია სავარაუდოდ საკმარისი არ იქნება იმისათვის, რათა ვაქცინის ეფექტიანობა შემცირდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ახალ შტამში ცილების 99 პროცენტი იდენტურია იმ ცილებისა, რომლებსაც მიზანში იღებს Pfizer-BioNtech-ის mRNA ვაქცინა (ასეთივეა Moderna-ს ვაქცინაც), BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორის, უგურ საჰინის განცხადებით, ძლიერ სავარაუდოა, რომ ვაქცინა იმოქმედებს.

არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში გამოჩნდეს ვარიანტი, რომელიც ჩვენს ზოგიერთ ვაქცინას გვერდს აუვლის, ზუსტად ისე, რის გამოც გრიპის ვაქცინას ყოველ წელს სჭირდება განახლება. თუმცა, როგორც საჰინი აცხადებს, ახალი mRNA-ს ვაქცინებისს განახლება ახალ მუტაციათა შესაბამისად, ექვს კვირაშია შესაძლებელი.

რა შეგვიძლია მის შესაჩერებლად?

ახალი ვარიანტი კორონავირუსის ჩვეულებრივი ფორმის სახით ჯერ კიდევ ვრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი გავრცელების შესამცირებლადაც ის ზომებია საჭირო, რომლებსაც მარტიდან ვიცავთ – ხელების დაბანა, ფიზიკური დისტანცია, ნიღბები და კარგი განიავება. ამ ზომებისადმი მკაცრად ერთგულება და არასაჭირო შეხვედრები მის გავრცელებას ხელს შეუშლის.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.