კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია [ფოტო-ვიდეო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. საქართველომ „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა ვაქცინა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც ექნებათ არჩევანის საშუალება „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის.
ვაქცინები უკვე მიიტანეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც ვაქცინები უკვე გადანაწილდება ყველა იმ ცენტრში, სადაც „ფაიზერით“ პირების იმუნიზაცია უნდა მოხდეს. ესენია ოთხი კლინიკა თბილისის მასშტაბით, ერთი ქუთაისის კლინიკა, ერთი კი – ბათუმის.
„ფაიზერის“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, 12:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრესკონფერენციას გამართავენ.
ვაქცინების პირველი პარტია – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ 13 მარტს მიიღო, ვაქცინაცია კი ქვეყანაში 15 მარტს დაიწყო. აღნიშნული წარმოების ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა ჩამოვიდეს. პრეპარატების მოწოდებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება.