ბათუმის შემდეგ, მედიკოსების ვაქცინაციის პროცესს აჭარის მუნიციპალიტეტებიც შეუერთდნენ. ქობულეთი რეგიონის პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მედიკოსებმა გაიკეთეს. „ევექსის“ კლინიკაში აიცრნენ კლინიკის ხელმძღვანელი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და რამდენიმე ექიმი.
„თუ გვინდა უსაფრთხო ქვეყანაში ცხოვრება, რამაც უნდა მოგვცეს მომავალი განვითარების საშუალება, ყველა უნდა შევუერთდეთ ვაქცინაციის პროცესს. მე, როგორც მედიკოსი, მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას და ყველა მოქალაქეს, აიცრას, ეს არის სავსებით უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცესი“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველმა, კობა ნაკაიძემ.
აჭარაში იმუნიზაციის პროცესი მესამე დღეა, მიმდინარეობს. გუშინდელი საღამოს მონაცემებით, ბათუმში ვაქცინა გაიკეთა 140-მა მედიკოსმა და დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 80 მედიკოსი ჩაიტარებს აცრას. ქობულეთში ვაქცინაცია ჩაიტარა 10-მა ექიმმა.
აჭარაში სულ შეტანილია „ასტრაზენეკას“ 3 980 ვაქცინა. ამ დროისთვის, მედიკოსთა აქტიურობა მაღალი არ არის, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში შედარებით სკეპტიკურად განწყობილი მედიკოსებიც შეიცვლიან პოზიციას.
ქობულეთის შემდეგ, იმუნიზაციის პროცესს ხვალიდან აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან.