მარნეულის ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერიდან სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერიდან სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულში კორონავირუსის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერი.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, დღეს დადასტურებული შემთხვევები ორი დღის წინ გამოვლენილი ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები არიან. მათ ოჯახში სულ ექვს პირს დაუდასტურდა „კოვიდ 19“.

ამასთან, დარგალის ინფორმაციით, სოფელ მარადისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია. სოფელში თერმოსკრინინგი ყოველდღე ტარდება. მარადისში 32 პირს ჩაუტარდა ტესტი, საუბარია დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტებზე.

მარნეულის მუნიციპალიტეტი უკვე 21 დღეა, რაც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. მუნიციპალიტეტში სულ 14 პირია ინფიცირებული, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 252 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 63 გამოჯანმრთელდა.