კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი გარდაბანში დადასტურდა, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მისივე თქმით, პაციენტი რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებული ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია.
„ჩვენ მიერ აღებული „პისიარ“ ტესტებიდან და საკვლევი მასალიდან ყველა პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი სამი დღის წინ დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის შვილია. დედა-შვილი გარდაბნის რაიონში ცხოვრობს. მათ გაჩიანთან საერთოდ შეხება არ აქვთ“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.
როგორც გარდაბნის მერი აცხადებს, ამ ეტაპზე ერთადერთი სოფელი მუნიციპალიტეტში, სადაც ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, ყარაჯალარია.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის დანარჩენ სოფლებში ნორმალური ვითარებაა და ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„ყველა სოფელში, სადაც „კოვიდ-19“ დაფიქსირდა, კონტაქტები მოძიებულია. კარანტინში მყოფი პირებიც უკვე გათავისუფლდნენ. მხოლოდ სოფელი ყარაჯალარია, სადაც ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. დანარჩენ სოფლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, ახლა ნორმალური ვითარებაა და ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, – აღნიშნა ბუდაღაშვილმა.
ამასთან, გარდაბნის მერის თქმით, სოფელი ყარაჯალარიდან ბაზარზე პროდუქტების გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„სოფელი ყარაჯალარიდან პროდუქტების გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილმა, რვა ადამიანმა, მოისურვა, პროდუქციის რეალიზება თავად განეხორციელებინა. მათ გუშინ „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდათ. პასუხები არის უარყოფითი და სამი დღის განმავლობაში ისინი საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანას, კონტროლის დაცვით, შეუფერხელბლად შეძლებენ“, – აღნიშნა ბუდაღაშვილმა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოორნავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.