მდინარე იორის ხეობაში არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა
მდინარე იორის ხეობაში არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა. შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ადგილზე პირადად დაესწრო.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენელს სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, რომლის საფუძველიც, გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად შეწონილი ნაწილაკების 277-ჯერ გადაჭარბებაც გახდა.

მათივე ცნობით, მხარეთა ჩართულობით განხორციელდა ტერიტორიის შესწავლაც.

„პროცესი, ეტაპობრივად, ადგილზე არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება, რომელსაც აქტიურ მონიტორინგს, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი პირადად გაუწევს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, არც ერთ კომპანიას არ მისცემენ საშუალებას, რომ ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს.

„მდინარე იორის ხეობაში, კარიერების და სამსხვრევი დანადგარების შემოწმება დავიწყეთ. პროცესში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად არიან ჩართული და ყველა ის კომპანია – ლიცენზიანტები, რომლებიც კანონით განსაზღვრულ შესაბამის ფარგლებს ცდებიან, მაქსიმალურად იქნებიან დაჯარიმებულები. დღეს მოხდა ერთი ასეთი კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება. ეს პროცესი გაგრძელდება, რომელსაც ყოველდღიურ მონიტორინგს პირადად გავუწევ. არც ერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინიტრაციის ცნობით, ეკოლოგიური საფრთხეების შექმნის პარალელურად, აღნიშნული საწარმოების საქმიანობით გარკვეულწილად შეფერხდა გარდაბნის მუნიციპლიტეტის წყალმომარაგების მასტაბური პროექტის განხორციელება, ასევე პრობლემები შეიქმნა სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებისთვის ხარისხიანი წყალმომარეგებით უზრუნველყოფის პროცესში.