მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის პირველ დეკემბერს გამოჩნდა. ოთხი თვის შემდეგ, მსოფლიო პანდემიის შუაგულშია და ძალიან ბუნდოვანია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში. თუმცა, ეს არ გახლავთ ბოლო წლებში მომხდარი პირველი პანდემია. 2009 წლის 17 მარტს, მექსიკაში დაფიქსირდა ახალი H1N1 გრიპის ვირუსული ინფექციის, იგივე ღორის გრიპის პირველი შემთხვევა. ის სწრაფად გავრცელდა მექსიკასა და აშშ-ში, 2009 წლის 11 ივნისს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა.
ღორის გრიპი მთელ მსოფლიოში ორ ტალღად ცირკულირებდა, 2010 წლის 10 აგვისტომდე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია ოფიციალურად გამოაცხადა დასრულებულად. ახალი კორონავირუსისა და 2009-2010 წლების H1N1 პანდემიის შედარება და თანამედროვე მოდელების ძებნა შეიძლება დაგვეხმაროს უკეთ შევაფასოთ, რას უნდა ველოდეთ უახლოეს კვირებსა და თვეებში.
კენტის უნივერსიტეტის კვლევითი დახმარების ქსელების პრეზიდენტი, ვირუსოლოგი ჯერემი როსმენი ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
2020 წლის 22 მარტის მდგომარეობით, ჩვენ COVID-19-ის პანდემიის მე-16 კვირაში ვიმყოფებით, რაც დაახლოებით 2009 წლის 8 ივლისის ეკვივალენტია H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში. დროის ეს ორი წერტილი სასარგებლო შედარებას გვთავაზობს, რადგან შემთხვევათა რაოდენობა აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში დაახლოებით იდენტურ მაჩვენებელზე იყო ორივე პანდემიის შემთხვევაში.
შედარება ააშკარავებს ოთხ მნიშვნელოვან განსხვავებას. პირველი ის არის, რომ 2009 წლის H1N1-ის პანდემია ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო და მე-16 კვირის თავზე შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში ფიქსირდებოდა. COVID-19-ის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მისი წარმოშობის ქვეყანაში, ჩინეთშია.
მეორე — COVID-19-ის შემთხვევები ახლა სამჯერ მეტია, ვიდრე H1N1-ის პანდემიის დროს იყო დროის იგივე მონაკვეთში. სავარაუდოდ, ამის მიზეზია ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R0), რომელიც აღნიშნავს, საშუალოდ რამდენ ადამიანს აინფიცირებს ერთი დაინფიცირებული პირი. 2009 წლის H1N1 ვირუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 1,5 იყო, COVID-19-ის შემთხვევაში კი 2,38 – 3,28.
მესამე – COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი ჩანს, ვიდრე 2009 წლის H1N1 პანდემიისას. ამის მიზეზია შემთხვევათა ფატალურობის მაჩვენებელი (CFR), ანუ პროპორცია ინფიცირებულთა საერთო რაოდენობასა და გარდაცვლილებს შორის; COVID-19-ის შემთხვევაში აშშ-ში ეს მაჩვენებელი 2,3 პროცენტია, H1N1-ის შემთხვევაში კი 0,048 იყო. განსხვავებულია თითოეული ამ ვირუსის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც — COVID-19-ის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია სჭირდება ინფიცირებულთა 14 პროცენტს, რაც გაცილებით მაღალია 2009 წლის H1N1-ის პანდემიასთან შედარებით.
და ბოლოს, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს H1N1 ვირუსის შემთხვევაში იყო. H1N1-ის პანდემია დაახლოებით 16 თვე გაგრძელდა და დასრულებისას, 2010 წლის 10 აგვისტოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა, რომ მსოფლიოს 214 ქვეყნის მასშტაბით სულ დაფიქსირდა 6 724 149 შემთხვევა და 18 449 გარდაცვალება.
H1N1-ის პანდემიის მე-16 კვირის თავზე, ფიქსირდებოდა ერთი წლის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევაა მხოლოდ 1,4 პროცენტი. თუკი იგივე ტენდენციას COVID-19-ს მოვარგებთ, 2021 წლის მაისის დასაწყისისთვის უნდა გვქონდეს 23 862 575 შემთხვევა. 2,3-პროცენტიანი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, გარდაცვლილთა რაოდენობა კი უნდა იყოს 548 839.
ორივე პანდემიის შემთხვევაში, არის ძალიან ბევრი მსუბუქი შემთხვევა, რომლები ხშირად სრულიად გამოუვლენელი რჩება. 2009-2010 წლების H1N1-ის პანდემიის შემთხვევაში, ეს რეტროსპექტულად გამოთვალეს და აშშ-ში შეადგინა 61 000 000 შემთხვევა, 274 000 ჰოსპიტალიზაცია და 12 470 გარდაცვლილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ H1N1-ის დადასტურებული შემთხვევები რეალური რაოდენობის მხოლოდ 0,056 პროცენტი იყო, რაც გლობალური სიკვდილიანობის მაჩვენებელს 0,021 პროცენტამდე ზრდის.
COVID-19-ის შემთხვევაში, ჩინეთიდან მოსული უახლესი მოხსენებები მიუთითებს, რომ დადასტურებული შემთხვევები ინფიცირებულთა სრული რაოდენობის მხოლოდ 14 პროცენტს შეადგენს. თუ ეს მართლაც ასეა, ჩინეთში რეალურად უნდა იყოს 578 957 შემთხვევა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 0,56 პროცენტი, რაც სამხრეთ კორეის ამჟამინდელი მაჩვენებლის (1,17 პროცენტი) ნახევარია. გამომდინარე იქიდან, რომ გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე თითქმის მიაღწია 2009 წლის H1N1-ის პანდემიის მსხვერპლთა რაოდენობას, ნათელია, რომ COVID-19-ის პანდემიის გავლენა გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე 2009-2010 წლების ღორის გრიპს ჰქონდა.
ამ მომენტისთვის უცნობია, რამდენად შეამცირებს ამ ეტაპზე მიმდინარე ინტერვენციები საბაზისო რეპროდუქციულ მაჩვენებელს, მაგრამ აშკარაა, რომ მზარდ ინტერვენციას აუცილებლად ექნება დიდი გავლენა ვირუსის გავრცელებაზე. თუმცა, მაინც რჩება ოთხი აშკარა მესიჯი:
- მიუხედავად ინტერვენციისა, უახლოეს კვირებში აუცილებლად ვიხილავთ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევათა ძლიერ ზრდას.
- ძლიერი ინტერვენციისა გარეშე, რაშიც იგულისხმება მომზადება, შეკავება და შეფერხების სტრატეგიები (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით), COVID-19 მხოლოდ აშშ-ში 1,6 მილიონ ადამიანს შეიწირავს.
- შეკავების ინტერვენციები შემთხვევების, ჰოსპიტალიცაზიისა და გარდაცვალების მაჩვენებლებს საგრძნობლად შეამცირებს. რაც უფრო სწრაფად და ძლიერ ვიმოქმედებთ, გადარჩება უფრო მეტი სიცოცხლე.
- ყველაზე საუკეთესო სცენარების მიხედვითაც კი, უახლოესი ოთხი-ექვსი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება; მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ხალხმა უნდა შეინარჩუნოს ფიზიკური დისტანცირება და მნიშვნელოვნად შეზღუდოს მოძრაობა. ამას ალბათ მოჰყვება დისტანცირების გარკვეული დონის შენარჩუნების, ტესტირებებისა და იზოლაციის აუცილებლობა, იქამდე, ვიდრე ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ მოდელები ზუსტი პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა, ისინი მაღალი სიზუსტით მიჰყვება ამჟამინდელ ტენდენციას და აშკარას ხდის, რომ საშუალო დონის ინტერვენციას შეიძლება, გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს. უამრავი ადამიანის გადასარჩენად და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის კოლაფსირების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ძლიერი, დაუყოვნებელი ინტერვენცია.
ყოველივე ასეთმა ზომამ ეპიდემია ორ თვეში კონტროლს უნდა დაუქვემდებაროს და გადაარჩინოს ასობით ათასი სიცოცხლე.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.