კორნელი კაკაჩია - მამუკა ბახტაძე რუსეთის მიმართ იყო უფრო ხისტი, ვიდრე სხვა პრემიერები „ქართული ოცნებიდან“
კორნელი კაკაჩია - მამუკა ბახტაძე რუსეთის მიმართ იყო უფრო ხისტი, ვიდრე სხვა პრემიერები „ქართული ოცნებიდან“

მამუკა ბახტაძე რუსეთის მიმართ იყო უფრო ხისტი, ვიდრე სხვა პრემიერები „ქართული ოცნებიდან“, – ასე აფასებს გაერო-ში საქართველოს პრემიერის გამოსვლას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძემ, მეტ-ნაკლებად, ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

„ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო მისი გამოსვლა, თუ გავითვალისწინებთ პრემიერ-მინისტრის სხვა გამოსვლებს, რა დროსაც ხშირად ის არადამაჯერებელია ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში მას ასეთი სახის პრობლემა ამ გამოსვლაში არ ჰქონია.

მამუკა ბახტაძემ მეტ-ნაკლებად მოიცვა ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ილაპარაკა ოკუპაციაზე, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და ასე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ კონფლიქტების გადაწყვეტაში, რადგან საქართველო ამას მარტო ვერ გაუმკლავდება. მართალია, არ იყო საუბრები სანქციებზე ან სხა თემებზე, როგორზეც მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადებები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, მათ აირჩეს სხვა ტიპის დიალოგი რუსეთთან. ხშირად, ისინი ერიდებიან ხისტ რიტორიკას.

მამუკა ბახტაძის გამოსვლა უფრო იყო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გაგზავნილი მესიჯი. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერ-მინისტრია, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საინტერესო იყო, რა საკითხები აწუხებს საქართველოს.

მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ მან მოახერხა ძირითადი მესიჯები გაეგზავნა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, ეს საკითხები ყოფილიყო სინქრონიზებული სხვა ქვეყნებთან, მაგალითად მოლდოვასთან და უკრაინასთან“, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქართულ ენაზე მიმართა.