კონსერვატორიის დიდ დარბაზში სულხან ნასიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით, სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი და სასულე კვინტეტი.
„შემოდგომის სიმღერა“, – ასე ჰქვია კომპოზიტორის იმ საფორტეპიანო კონცერტს, რომელიც კამერულმა ორკესტრმა საიუბილეო საღამოზე შეასრულა. დირიჟორის განცხადებით, აღნიშული ნაწარმოები ბოლო 30 წლის განმავლობაში სცენაზე პირველად გაჟღერდა.
„ძალიან ემოციური იყო ჩემთვის ამ ნაწარმოების შესრულება, ორმაგად სასიხარულო და საპასუხისმგებლო, რადგან ამ კონცერტის ჩანაწერი არ არსებობს. მხოლოდ გადმოცემით ვიცი, რომ ის სულ ერთხელ შესრულდა, ოცდაათი წლის წინ. ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი კონცერტი 21-ე საუკუნის პრემიერა გამოვიდა“, – აღნიშნა მირიან ხუხუნაიშვილმა.
რაც შეეხება საფორტეპიანო შესრულებას, საღამოზე ცნობილმა პიანისტმა, თამარ ლიჩელმა დაუკრა. მისი თქმით, სულხან ნასიძე ერთ-ერთი ქართველი კომპოზიტორია, რომლის ნაწარმოებიც სცენაზე მან პირველად დაუკრა.
„სულხან ნასიძე იმ კომპოზიტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლითაც შეგვიძლია ქართველებმა თამამად ვიამაყოთ. მას ძალიან საინტერესო და განსხვავებული ხელწერა აქვს. ქართული ნაწარმოებები ბევრი მაქვს დაკრული, სულხან ნასიძე კი პირველად. ამიტომაც იყო ეს დღე განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი“, – აღნიშნა პიანისტმა.
სულხან ნასიძის საიუბილეო საღამო მეოცე საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალის, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართა.