მაუწყებლობის 93 წელი - რადიო პირველი არხი იუბილარია [ფოტო/ვიდეო]

საქართველოს პირველი რადიო იუბილარია. 93 წლის წინ, 1925 წლის 23 მაისს კავშირგაბმულობის შენობიდან ეთერში გავიდა პირველი საცდელი გადაცემა.

ქვეყანაში ხმოვანი მაუწყებლობის დაწყება მოქალაქეთა დაფინანსებითა და კერძო შემოწირულობებით გახდა შესაძლებელი. ეს სწორედ ის პრინციპი იყო, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან წარმოადგენს.

ხმოვანი მაუწყებლობის ერთადერთი მედიუმი რადიო 1956 წლამდე, საქართველოს პირველი ტელევიზიის დაარსებამდე იყო. თუმცა, აქტუალობა არც ვიდეოგამოსახულების გაჩენისა და ინტერნეტ ეპოქის პირობებში დაკარგა.

1947 წლიდან, რადიომაუწყებლობასთან ერთად, შეიქმნა აუდიოფონდი – უნიკალური არქივი, რომელიც დღეს უკვე 3,5 მილიონ ჩანაწერს, მათ შორის აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა გენიალური ქართველი საზოგადო მოღვაწეების ხმებს ინახავს.

რადიო პირველი არხის ბადეში დღეისათვის 40 გადაცემაა. მათ შორის, „განახლებული პიკის საათი“, „ხაზის რადიო“, „ღია სტუდია“ და საინფორმაციო გამოშვება, რომელიც საათში ერთხელ 5 წუთში მსმენელს დღის მთავარ ამბებს უყვება.

პოლიტიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული გადაცემები სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზეა მორგებული.

რადიო პირველი არხი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშვნას და მსმენელს საინტერესო გადაცემებს სთავაზობს.