კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს შვიდიდან ხუთი ბაზრის მონიტორინგი და ერთი მოკვლევა დაასრულა
კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს შვიდიდან ხუთი ბაზრის მონიტორინგი და ერთი მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ექვსი თვის ანგარიში წარადგინა. 2020 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე შვიდი მონიტორინგიდან დასრულდა ხუთი ბაზრის შესწავლა, მათ შორის, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება ორი მონიტორინგი, ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. ასევე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა ერთი რეკომენდაცია.

ამავე პერიოდში, დასრულდა ერთი მოკვლევა „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმეზე და დადგინდა დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია.

მიმდინარეობს „3-ჯ“ და „აუდიტ სერვის ჯგუფის“, სადაზღვევო კომპანია „უნისონისა“ და „ჯი-თი მოტორსის“ საქმეებზე შესწავლის პროცესი. ამასთანავე, სამ საკითხზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტანციებში.

ანგარიშის მიხედვით, მომზადდა და გამოიცა ორი დოკუმენტი. პირველი, საავტომობილო საწვავის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მაისის შუალედური მიმოხილვა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ნავთობის გლობალური ბაზრის მკვეთრი მერყეობა გამოწვია, გაანალიზდა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი მსხვილი ქსელური და მცირე ქსელური კომპანიები ადეკვატურად რეაგირებდნენ გლობალურ ფასებზე და ბოლო წლებში, აღნიშნულ ბაზარზე, კონკურენცია გაზრდილია.

მეორე, სადაზღვევო სექტორში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა და კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობა და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები.

კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, განხორციელდა 30-ზე მეტი აქტივობა. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მომხმარებელს წარედგინა სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, სადაც სრულად არის განთავსებული უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ოთხი კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძლიერდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები, ასევე ხდება ახალი კომპეტენციებით აღჭურვა. პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ცვლილებების თანახმად, რეგულირდება სააგენტოს უფლებამოსილებები და პროცედურული საკითხები, ასევე რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკა, შერწყმების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, ხდება სააგენტოს მართვის სტრუქტურის ცვლილება. განხილვაშია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს უერთდება.

მესამე მოსმენით განხილულ იქნა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების, ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ავტორობით დამუშავებული კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც არის ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით მომზადებული და ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. კანონის მიღების შემდეგ აღსრულება კონკურენციის სააგენტოს დაეკისრება.

2020 წელს, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქმიანობა დაიწყო სააგენტოს წარმომადგენელმა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, სააგენტოში შემოვიდა 324 და გავიდა 432 კორესპონდენცია.