კონგრესმენი ჯერალდ კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კონგრესმენის შეფასებით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობა, პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული მმართველობა მოიპოვა ისეთ სამეზობლოში, სადაც ხშირად იდგამდა ფესვებს ავტოკრატია და ავტორიტარიზმი.
„განსაკუთრებული სიმამაცე დასჭირდა საქართველოს ამ კუთხით მისი დიდი მეზობლის – რუსეთის განწყობების გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკაში, კონგრესში საქართველოს გვერდით ვდგავართ. ჩვენ დავუჭერთ მხარს საქართველოს. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ თქვენი სიმამაცით და აქ, კონგრესში ჩამოვაყალიბეთ მხარდამჭერთა ძლიერი ჯგუფი, რათა თქვენს გვერდით ვიდგეთ. ჩვენ ვიღებთ რეზოლუციებს, გამოვხატავთ მხარდაჭერას არამხოლოდ საქართველოს დამოკიდებლობის, არამედ განსაკუთრებით ქართული სიმამაცისადმი“, – განაცხადა ჯერალდ კონოლიმ.
კონგრესმენმა ისაუბრა თავისუფლების, როგორც უმნიშვნელოვანესი ღირებულების შესახებ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა დაადასტურა.
„ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არ დაუბრუნდება საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს და ვიდრე საქართველოს ამ ტერიტორიების რუსული ოკუპაცია არ დასრულდება. ამ კვირას მე მივემგზავრები პოლონეთში, ნატო-ს შეხვედრაზე, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ ამ პოზიციას, როგორც ნატო, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ჩვენი ქართველი მეგობრების მიმართ, როგორც ალიანსი. ჩვენ გვეამაყება, რომ გასულ წელს საქართველოში ჩავატარეთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არამხოლოდ ჩვენთვის, ალიანსისთვის და საქართველოსთვის, არამედ თქვენი მეზობლის – რუსეთისთვის. დიდი პატივი და პრივილეგიაა დღეს თქვენთან ყოფნა, ამ იუბილეს აღნიშვნა და ქართული სულისკვეთების წახალისება არამხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ თქვენი სამეზობლოს სხვა ნაწილებშიც“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესში გამართულ საზეიმო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ბობ გუდლატე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები – დევიდ პრაისი, დანკან ჰანტერი და მარკ სანფორდი დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.