ალექსანდრე რაქვიაშვილი - მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი კონგრესმენის ინიციატივას, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს
ალექსანდრე რაქვიაშვილი - მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი კონგრესმენის ინიციატივას, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს

მგონი, გადაჭარბებული ყურადღება მივაქციეთ ერთი კონგრესმენის ინიციატივას, რამდენადაც სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ეს ინიციატივა ოდესმე მაგიდაზე მართლა სერიოზულად დაიდება, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, ვინც გაბედავს და ამაზე უარს იტყვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

რაქვიაშვილის თქმით, „ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს ერთი კონგრესმენის ინიციატივაა“.

„ამერიკასთან თუ ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და სამხედრო დახმარება გვაქვს და თუ ვინმე გაბედავს, იტყვის, რომ ეს ყველაფერი არ მინდაო და „აგენტების კანონს“ გადააყოლებს, იქვე ვინც გვერდზე იდგება, პირველი სცემს ამ ადამიანს და არც კი მოგვიწევს დიდი მიტინგების მოწყობა. ეს მართლა ძალიან მაგარი ამბავი იქნებოდა. სამწუხაროდ, ჯერ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა. საბოლოო ჯამში, ერთი ადამიანის ინიციატივა არ არის საკმარისი, რომ ეს სერიოზულად იყოს აღქმული. ჩვენს პარლამენტშიც ახლა ვიღაც ერთმა დეპუტატმა რამე რომ დააინიციროს, ეს არაფერს ნიშნავს. მით უმეტეს, არ ნიშნავს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააკეთებს. თან ეს კონგრესმენი „რესპუბლიკელია“ და, ზოგადად, სენატში „რესპუბლიკელებს“ უმცირესობა აქვთ. ამიტომ ასე მარტივად არ გამოვა. თუ ორმხრივი, ორპარტიული იქნება, მაშინ უფრო რეალური იქნება. ამიტომ არ გადავაჭარბოთ ამ ინიციატივის მნიშვნელობა. ღმერთმა ქნას, ეს მართლა რეალისტური იყოს და ასეთ რაღაცას მივაღწიოთ. ერთი კონგრესმენის აზრზე მეკითხებით. ზოგადად, არჩევნები რომ კარგად უნდა ჩატარდეს, ისედაც გასაგებია.

აჟიოტაჟი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით ჩემი კოლეგები, მათ შორის ოპოზიციიდან და ხშირად „ქართული ოცნებაც“ მიმართავს ხოლმე ამ ხერხს, ამას იყენებენ, რათა ხალხმა არ იფიქროს. საღ აზრზე დაყრდნობით კი არ მიიღონ გადაწყვეტილება, არამედ ემოციურად, რაც ცუდია. ჩვენ ემოციურად ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული და ეს უმეტესწილად სწორი არც იყო. ემოციური ფონი თუ შემცირდება და ადამიანები რაღაც საკითხის გარჩევას დაიწყებენ, ბევრ შეცდომას დავინახავთ და უკეთესად მოვიქცევით. იმ ხალხს, ვისაც რესურსი აქვს და თან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, არ სურთ ხოლმე, დისკუსია იყოს ლოგიკასა და საღ აზრზე დაფუძნებული. ამიტომ ემოციურ ფონს ქმნიან, ქვეყანაში სულ ისტერიკა და დაძაბულობაა“, – აღნიშნა რაქციაშვილმა.