კონგოში ვირუს ებოლას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ იტყობინება, დაავადება სოფლების შემდეგ ქალაქებშიც გავრცელდა. კონგოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაავადების დიაგნოზი ქალაქ მბანდაკაში მცხოვრებ ადამიანს დაუსვეს.
ებოლას ვირუსი საშიში დაავადებაა, რომელიც შიდა სისხლდენას იწვევს და ხშირად ადამიანის გარდაცვალებით სრულდება. ვირუსი დაავადებულ ადამიანთან კონტაქტით ვრცელდება და ადრეულ სტადიაზე გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ებოლას ქალაქში გავრცელება იმის მიმანიშნებელია, რომ ეპიდემიის საფრთხე არსებობს.
ადგილზე მომუშავე ექიმების თქმით, ებოლათი დაავადებულ მოქალაქეებთან კონტაქტი 400-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა, რომლებიც შეიძლება სასიკვდილო ვირუსის მატარებლები იყვნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კონგოში ებოლას საწინააღმდეგო ექსპერიმენტული 4000 ერთეული ვაქცინა გააგზავნა.