კონგოში ებოლას ვირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 15 წლის მოზარდია. ინფორმაციას „სიენენი“ გაერო-ს ბავშვთა ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგოში ვირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.
მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მბანდაკაში ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ებოლას ვირუსის მეთერთმეტე აფეთქებაა.
კონგოს რესპუბლიკაში ჯერ კიდევ უმკლავდებიან 2018 წელს მომხდარი ებოლას ვირუსის აფეთქებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაშინ ქვეყანაში ებოლას 3 406 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 243 ადამიანი დაიღუპა.
ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია 2014 – 2016 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდებოდა. მაშინ ვირუსით 28 000 ადამიანი იყო დაინფიცირებული, 11 ათასი კი, დაიღუპა.