კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა ათასს მიაღწია
კონგოში ებოლას ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა ათასს მიაღწია

კონგოში ებოლა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა ათასს მიაღწია. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება.

გაეროს სააგენტოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის განმარტებით, ბოლო რვა თვის განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ვირუსით 1510 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 994 პირი დაიღუპა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უახლოეს საათებში ჰემორაგიული ცხელების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასს გადააჭარბებს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, ეს აფრიკულ ქვეყანაში მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდას და ამ მხრივ ვითარების გაუარესებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე აპრობირებულ ვაქცინასთან ერთად არალიცენზირებულ მედიკამენტებს გამოიყენებენ.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლასთან ბრძოლას სამედიცინო დაწესებულებებზე თავდასხმები კიდევ უფრო ართულებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე საერთო ჯამში 119 თავდასხმა დაფიქსირდა, რა დროსაც სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების 85 თანამშრომელი დაშავდა.