კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ხუთი დღის ვადა მისცა
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ხუთი დღის ვადა მისცა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ხუთი დღის ვადა მისცა, – ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

„2019 წლის 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „ფორმულას“ განაცხადი მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ სრულად არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შპს „ფორმულას“ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი ხუთი სამუშაო დღე განესაზღვრა“, – აცხადებენ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირდა შემდეგი სახის ხარვეზები: განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას. გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს.

„ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას. კომისიისთვის  ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება;

კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება. გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ.

დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციას მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში მიანიჭებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხუთ სამუშაო დღეში აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა ვერ მოხდება, კომპანიას კვლავ აქვს შესაძლებლობა მაუწყებლობაზე ავტორიზაციის მისაღებად უხარვეზო განაცხადით განმეორებით მომართოს კომისიას“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.