გოგა გულორდავა - მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება, კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს
ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, სტანდარტი და აქ ხაზი, მინდა, გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება, – ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისივე განცხადებით, სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები შინაარსობრივ ნაწილში ბევრად უფრო მძიმეა იმ ქვეყნებში, ვიდრე ეს ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
„არც კანონის მიღებისას, არც შემდგომ პერიოდში, კომისიის მიზანი არ ყოფილა და არ იქნება რამე სადამსჯელო მექანიზმებისა და სანქციების გამოყენება რომელიმე მაუწყებლის მიმართ. მიდგომა იქნება თანაბარი, თუმცა ყველას მკაფიოდ უნდა გვახსოვდეს და იმ პასუხისმგებლობიდან გამოვიდეთ, რაც დღეს, საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბებიდან გამომდინარე, ნებისმიერ მაუწყებელს გააჩნია, რომ არ შეიძლება ფაქტების დამახინჯება ეთერში, არ შეიძლება სიცრუის ტირაჟირება, არ შეიძლება ამა თუ იმ ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენება. პასუხისმგებლიან მედიას მაღალი სტანდარტების დაცვისთვის, ჩემი აზრით, კანონის მოთხოვნები არც სჭირდება, ამას მედია ისედაც უნდა იცავდეს. კომისიისთვის ამ შემთხვევაში პირველი და უმთავრესი ამოსავალი იქნება საზოგადოების ინტერესების დაცვა და კანონის აღსრულება, განურჩევლად ყველა მაუწყებლისა, ვისაც აკისრია დღეს ეს პასუხისმგებლობა და ვისაც ძალიან დიდი მასშტაბი აქვს გავლენის მოხდენისა. ამ ნეგატივისგან, ყალბი, ცრუ, არაფრის მომცემი ინფორმაციისგან და საერთოდ ამ ველისგან საბოლოოდ უნდა დავცალოთ მედია და გავაჯანსაღოთ გარემო. მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება, კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.