კომუნიკაციების კომისიამ "რუსთავი 2" და "ტელეიმედი" წერილობით გააფრთხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და შპს „ტელეიმედი“ წერილობით გააფრთხილა.
კომისიის ინფორმაციით, 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის და შპს „ტელეიმედის“ ეთერში, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) არც-ერთი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების პროგრამაში მიწვეულა არ ყოფილა. წინასააჩევნო მედიამონიტორინგის პროცესში, კომისიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ „შენების მოძრაობამ“ (ეროვნული ფორუმი), როგორც კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მიღების თხოვნით, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს და შპს „ტელეიმედს“ მიმართა. აღნიშნული მოთხოვნა ტელეკომპანიებმა არ დააკმაყოფილეს.
საჩივრის მიღების შემდეგ, კომისიამ კომპანიებს „შენების მოძრაობის“ (ეროვნული ფორუმი) წერილზე განმარტება მოსთხოვა.
შპს „ტელეიმედმა“ განმარტა, რომ „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) დებატში ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხვდა, თუმცა საარჩევნო სუბიექტთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მათ დრო სხვა გადაცემებში დაეთმობოდათ და საკუთარი პროგრამისა და ხედვების წარდგენას შეძლებდნენ.
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა კომისიას განუმარტა, რომ საეთერო ბადის დაგეგმარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო ყველა კვალიფიციური სუბიექტის მიწვევა წინასაარჩევნო დებატებში და სტუმრების შერჩევისას ტელეკომპანია საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დაეყრდნო. აგრეთვე, ტელეკომპანიამ აღნიშნა, რომ არჩევნებამდე ეთერში დებატების პროგრამის განთავსების შემთხვევაში, „შენების მოძრაობა“ (ეროვნული ფორუმი) მონაწილეობას მიიღებდა.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხოლო, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
კომისიამ მსჯელობისას მიიჩნია, რომ შპს „ტელეიმედის“ პოზიცია, „შენების მოძრაობის“ (ეროვნული ფორუმი) დებატებში მონაწილეობის უფლების დარღვება ტექნიკური მიზეზის გამო, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პოზიცია, რომ დებატის გამართვისას უპირატესობა საარჩევნო სუბიექტებს სოციოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით მიანიჭეს, კანონით დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, რადგან კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ მაუწყებლებმა უნდა უზრუნველყონ არადისკრიმინაციულად ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა დებატებში.
კომისიამ შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა.