კომუნიკაციების ეროვნული კომისია არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, მაუწყებლებს მიმართავს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებისთვის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამოქმედებულ ვალდებულებებზე ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან პირველ არხს აცნობეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ნოემბერს გამოცემული განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის დებატების პროგრამებისა და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია აგრძელებს 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგს და მაუწყებლებს კიდევ ერთხელ მიმართავს, იხელმძღვანელონ საარჩევნო კოდექსით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონითა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს მოუწოდებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.