ქართველ კომპოზიტორს, დავით ევგენიძეს 65 წელი შეუსრულდა.
დავით ევგენიძე 1977-1982 წლებში სწავლობდა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში კომპოზიციის სპეციალობით. ამავე პერიოდში გახდა რამდენიმე კონკურსის ლაურეატი (მათ შორის, ახალგაზრდა კომპოზიტორთა საკავშირო კონკურსზე მიიღო გრან პრი გ. ტაბიძის ლექსზე შექმნილი ვოკალურ-ინსტრუმენტული ციკლისთვის „ვარდი სილაში“).
1988-1996 წლებში საფრანგეთში, ესპანეთსა და აშშ-ში მართავდა სოლო კონცერტებს; ჩაწერა რამდენიმე CD ისრაელსა (1997) და საფრანგეთში (1998); 1992-94 წლებში მისი ორგანიზებით კანარის კუნძულებზე გაიმართა ჯაზფესტივალი; 1994 წელს სანტა კრუზში დააარსა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი DEKSL-ი; ჩაატარა საავტორო კონცერტები თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რომში, Teatro Valle-ში.
დავით ევგენიძის კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია: სიმებიანი კვარტეტი, ასოციაციები ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სავიოლინო სონატა, სონატა ჩელოსთვის, ორი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის, ოთხი პიესა ორღანისათვის. არის სამი ინსტრუმენტული კონცერტის (ორი საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო) ავტორი.
კომპოზიტორმა შექმნა მუსიკა ფილმებისათვის: „ავტოპორტრეტი“, „ცოდვის შვილები“, „დღესასწაული“, „მდგმურები“, „ჯაყოს ხიზნები“, „ბალეტმაისტერი“, „დედა ენა“, „ ქეთევან დედოფალი“ და სხვ. ასევე, მუსიკა სპექტაკლებისათვის: „ჰამლეტი“ (რეჟ. გ. ჟორდანია, 1990), „აღდგომა მიტოვებულ სასაფლაოზე“ (რეჟ. გ. ბარაბაძე, გ. თავაძე, 1991) და სხვ.
დავით ევგენიძე დაჯილდოებულია არაერთი პრიზით. მათ შორის არის: პრიზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის (საქართველოს ტელეფესტივალი „მანა“, 1996), წლის საუკეთესო მუსიკოსის პრიზი (ფესტივალი „თბილისური გაზაფხული“, 1997), პრემია „ოქროს არწივი“ ფილმისათვის „მე-9 ბატალიონი“ (კინოფესტივალი „ოქროს არწივი“, 2005), პრემია „ნიკა“ (რუსეთის ეროვნული კინოფესტივალი, 2005).
დავით ევგენიძის მუსიკის მიხედვით მოსკოვის დიდ თეატრში იდგმებოდა საბალეტო დივერტისმენტები: „მოაზროვნე“ (1985), „გედების ერთგულება“ (1986), „ბალადა“ (რომელიც, ასევე, დაიდგა ნიუ-იორკში, ბროდვეიზე), ხოლო „საფირონები“ დაიდგა მოსკოვის ახალ ოპერაში.
დავით ევგენიძეს იუბილეს ულოცავს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს დავით ევგენიძეს იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობასა და შემოქმედებით წარმატებებს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.