საქართველოს პირველი არხის მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“ და არხის მუსიკალური პროდიუსერი დავით ევგენიძე პროექტის „ეამაყები თბილისს“ გამარჯვებულები გახდნენ
საქართველოს პირველი არხის მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“ და არხის მუსიკალური პროდიუსერი დავით ევგენიძე პროექტის „ეამაყები თბილისს“ გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს პირველი არხის მუსიკალური გადაცემა „აკუსტიკა“ და არხის მუსიკალური პროდიუსერი დავით ევგენიძე გამომცემლობა „სითის“ ყოველწლიური პროექტის „ეამაყები თბილისს“ გამარჯვებულები გახდნენ.

სიმბოლური ჯილდო და სიგელები კულტურის, ხელოვნებისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ.

„ეს არის გადაცემა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. გადაცემა, რომელიც მთელმა ქალაქმა და არა მარტო ქალაქმა შეიყვარა. ერთ რამეს ვიტყვი – თუ შენ გაქვს აკუსტიკის დისკი, შენ ხარ ყველაზე გემოვნებიანი და უსმენ ყველაზე საინტერესო მუსიკას, რადგან ეს არის რეალურად ყველაზე გამორჩეული სატელევიზიო პროდუქტი“, – აღნიშნა პროექტ „ეამაყები თბილისს“ ხელმძღვანელმა, ეკა ხოფერიამ.

საქართველოს პირველი არხის მთავარმა მუსიკალურმა პროდიუსერმა, დავით ევგენიძემ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და აღნიშნა, რომ მსგავსი აღიარება ყოველთვის ახალი ძალითა და ენერგიით ავსებს.

„ყოველი აღიარება არის ახალი სიცოცხლის ჩუქება. მომეცა მეტი სტიმული, რომ ახალი რაღაცები კიდევ უფრო დიდი ძალითა და ბედნიერებით ვაკეთო. ჩემი პროფესიით იმიტომ დავიბადე, რომ ბევრი გავიღო, გავცე ის, რაც მე არ მეკუთვნის, რაც ღმერთმა მაჩუქა. ამიტომ ვამბობ, რომ მე ვარ ხიდი ცასა და ადამიანებს შორის“, – განაცხადა მუსიკოსმა დავით ევგენიძემ.

გადაცემა „აკუსტიკის“ წამყვანის, მაკო მჭედლიშვილის თქმით, ამ გადაცემის უკან ძალიან დიდი გუნდი დგას და ეს გამარჯვება თითოეულ მათგანს ეკუთვნის.

„შენ თვითონ როგორც არ უნდა მოგწონდეს ის, რასაც აკეთებ, ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ამას სხვები ამჩნევენ და გამოხატავენ. მინდა, აღვნიშნო, რამხელა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან. გადაცემა ეთერში ერთი საათი გადის, მაგრამ რეალურად არის ძალიან დიდი პროცესი და ძალიან დიდი გუნდი. მე ოცნება ავიხდინე, რომ ამ გუნდს შევუერთდი. დღეს ძალიან ამაყი ვარ, რომ მათი სახელით წავიღებ ჯილდოს“, – აღნიშნა მაკო მჭედლიშვილმა.

პროექტი „ეამაყები თბილისს“ უკვე მესამედ იმართება.

ავტორების განცხადებით, პროექტი ყოველ წელს იმ ადამიანებს გამოარჩევს, რომლებიც ამ სახელწოდებას ნამდვილად იმსახურებენ.

პროექტის რჩეულები ასევე გახდნენ პოეტი ბესიკ ხარანაული, რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და სხვები.

დატოვე კომენტარი