კომპანია „ზეგის“ ადვოკატი - ჩვენი მოთხოვნაა, გაიხსნას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და ტელეფონი, ამით პასუხი გაეცემა კითხვებს, რომლებიც არსებობს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით
კომპანია „ზეგის“ ადვოკატი - ჩვენი მოთხოვნაა, გაიხსნას თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი და ტელეფონი, ამით პასუხი გაეცემა კითხვებს, რომლებიც არსებობს კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანია „ზეგის“ გენერალური დირექტორის, თამარ კობერიძის გამოკითხვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვის შემდეგ კომენტარი კომპანიის ადვოკატმა, ქეთევან მირიანაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, კომპანია „ზეგი“ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მათ ნებისმიერ კითხვას სცემს პასუხს.

„დირექტორი იყო გამოკითხვაზე. მიმდინარეობს უბრალოდ უფრო დეტალურად კომპანიასთან, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. ხელჩასაჭიდი არაფერია, ვინაიდან კომპიუტერი ჯერჯერობით გახსნილი არ არის. ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ ეს კომპანია რა საქმიანობას ახორციელებს, პროგრამული უზრუნველყოფის საქმიანობას, ამას ვხსნით და არ არის, ასე ვთქვათ, მარტივი ასახსნელი. ზოგადი კითხვები იყო – რამდენი თანამშრომელია, ვინ რა პოზიციაზეა და ვინ რას საქმიანობს“, – განაცხადა ადვოკატმა, ქეთევან მირიანაშვილმა.

კომპანიის ადვოკატის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი იქნას გახსნილი, როგორც პირადი ლეპტოპი, ისე სამსახურში არსებული კომპიუტერი.

„ასევე, ჩვენი მოთხოვნაა გაიხსნას ტელეფონი. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის და ის ძალიან ბევრი კითხვა, რომლებიც გამოძიებას, საზოგადოებას აქვს და თქვენც გაქვთ ამ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, გაეცემა ამაზე პასუხი. ნახავენ, კონკრეტულად რა პროექტზე მუშაობდა, რა დავალებას იღებდა და და შემდეგ. თვითონ კომპანიის თანამშრომლები დამწუხრებულები არიან, ვინაიდან მათი თანამშრომელი იყო და ძალიან განიცდიან ამ ამბავს.

ამ კომპიუტერების დროულად გაუხსნელობა, აქედან გამომდინარე კითხვის ნიშნები კომპანიასაც ზიანს აყენებს ანუ გარკვეულ რეპუტაციული თვალსაზრისით. კომპანიის წინააღმდეგ გარკვეული კამპანიის ნიშნებსაც ვხედავ. მე, როგორც ადვოკატი, ეს თუ დროზე არ გაირკვევა, შესაბამის ზომებს მივმართავ“, – განაცხადა ქეთევან მირიანაშვილმა.

მისი თქმით, გამოძიების მხრიდან კითხვები ეხებოდა პროცედურული საკითხებს – რამდენი თანამშრონელია კომპანიაში, ვინ რა პოზიციაზეა, ვინ არიან ჯგუფების ლიდერები, ვინ რომელ ჯგუფშია, ვინ რას რას საქმიანობდა. ადვოკატის თქმით, გამოძიება ასევე დაინტერესდა, კონკრეტულად ახსოვდათ თუ არა, რომელ პროგრამაზე მუშაობდა თამარ ბაჩალიაშვილი.

„კომპანია „ზეგი“ მარტიდან დღემდე ონლაინრეჟიმშია გადასული. რადგან წაღებულია კომპიუტერები, გარკვეულწილად შეფერხებულია, მაგრამ სრულად შეფერხებული არ არის. ონლაინ განაგრძობს მუშაობას. ძაან მნიშვნელოვანია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თანამშრომლებს და ხელმძღვანელობას მარტიდან დაწყებული, ანუ რაც ონლაინრეჟომზე გადავიდა, არ უნახავთ. ანუ ის ინფორმაცია, თუ ვთქვათ ოფისში ყოფნის დროს თანამშრომელს რამე შეემჩნია, ან სცოდნოდა, ასეთი რამ გამორიცხულია. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი გამოკითხულია. რაღაც გარკვეული ეტაპების მიხედვით ვატყობ, რომ რაღაცა დამატებითი კითხვები ჩნდება. ტელეფონები და ტექნიკა დაბრუნებული არ არის“, – განაცხადა კომპანიის ადვოკატმა.

ქეთევან მირიანაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი ოფიციალურად სამსახურიდან გათავისუფლებული არ იყო.

„მიმართა ჯგუფის ხელმძღვანელს, ნიკა გეჯაძეს, რომ აპირებდა წასვლას. ეს იყო ხუთშაბათ დღეს. ეს არის სუბორდინაცია. ეს ნიკასთვის გასაკვირი არ იყო, რადგან იყო ადრეც ნიკასთან სამსახურიდან წასვლაზე ლაპარაკი, რადგან სწავლის გაგრძელებას აპირებდა, ხელი ეშლებოდა ამ მიზეზით. მოლოდინი იმის, რომ არჩევანი სამსახურებს შორის, ან სწავლასა და სამსახურს შორის გაეკეთებინა, კომპანიაში იყო. ასევე, ივნისის თვეში თამარ კობერიძეს სთხოვა სარეკომენდაციო წერილის გაცემა, რომელიც გასცა და გადაუგზავნა. თუმცა, ამ წერილის შემდეგ იყო შვებულებაში, გამოვიდა, დაუბრუნდა სამსახურს. ხუთშაბათს მისწერა ნიკა გეჯაძეს. გასაგებიაო, ნიკამ უპასუხა. პარასკევს თამარ კობერიძემ მისწერა, რომ დოკუმენტაციას მოამზადებდა, ორშაბათისთვის ექნებოდა მზად. თამარს არ უპასუხია არაფერი. ეს დოკუმენტაცია გამზადებული არ არის, ამიტომ ამის შემდეგ იცით, რაც მოხდა. ინფორმაციას, რასაც ჩვენ ვაწვდით გამოძიებას, კავშირი არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან და რაღაც უფრო ზოგადია“, – განაცხადა კომპანია „ზეგის“ ადვოკატმა.