კომპანია „ზეგ“- ის ადვოკატის ინფორმაციით, ამავე კომპანიის თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა ტარდება
კომპანია „ზეგ“-ის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, ამავე კომპანიის თანამშრომლის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, მოსამართლის განჩინებაში, რომლის საფუძველზეც ჩხრეკა ტარდება, არ არის დაკონკრეტებული, რას ეძებენ სამართალდამცველები.
„მოსამართლის პირველი აგვისტოს განჩინების საფუძველზე, მეხუთე ბინას ჩხრეკენ, თუმცა იმ განჩინებიდან ვერ გავიგეთ, რას ეძებდნენ. არ წერია არაფერი, მხოლოდ – „საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები“. როდესაც გამომძებელს ვუთხარით, რომ კანონის თანახმად, უნდა განმარტონ, რას ეძებენ, გვიპასუხეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან საგნებს. არ ვიცი. უბრალოდ ჩრეკა ჩხრეკისთვის ტარდება იმიტომ, რომ გვაჩვენონ, თითქოს მუშაობენ, თუ მართლა რამეს ეძებენ, ვერ გავიგეთ“, – განაცხადა ჭაბაშილმა.
მისივე თქმით, მოსამართლის განჩინება პირველი აგვისტოთი თარიღდება და გაუგებარია, რატომ მიდის გამოძიება ჩხრეკის ჩასატარებლად ექვსი დღის შემდეგ.
„ჩხრეკის ჩასატარებლად 7-ში მოდიხარ ასეთ აქტუალურ თემაზე, აბსურდია. ერთი პირობა ბაჩანა ლობჟანიძეს დავუკავშირე, გამოძიებას ეგ ხელმძღვანელობს, რასაც იტყვის, მერე იმის მიხედვით, მეორე დღეს რაღაც გარკვეული ქმედებებია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქმეს ზედამხედველი პროკურორი არ ჰყავს“ , – განაცხადა ადვოკატმა, რომლის ინფორმაციითაც, ჩხრეკა კომპანიის ხუთი თანამშრომლის ბინაში ტარდება.
„რატომ იყო ეს ხუთი ადამიანი შერჩეული, გამოძიება პასუხს ვერ გაგვცემს. ეს პროკურორმა უნდა გვითხრას. ამ კომაპანიას პორნოგრაფიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ესენი აკეთებენ პროგრამულ უზრუნველყოფას. პროგრამულ უზრუნველყოფას რისთვის გამოიყენებს დამკვეთი, მათ შორის +18-სთვის, თუ სხვა რაღაცებისთვის, არის მისი საქმე. არანაირ პორნომასალასთან მათ შეხება არ აქვთ“, – განაცხადა ადვოკატმა.