კობა ლურსმანაშვილი - საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს
საარჩევნო სისტემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში ირაკლი კობახიძესა და მაჟორიტარებს შორის შეხვედრისა მთავარი თემა საარჩევნო საკითხი იყო.
„შეხვედრა, რა თქმა უნდა, ეხებოდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული თემათიკას. მოგეხსენებათ, მოხდა შეთანხმება სამთავრობო გუნდსა და ოპოზიციას შორის. მივესალმები აღნიშნულ, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მშვიდ საარჩევნო გარემოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ მომავალს. მაჟორიტარები, რომლებიც ძირითადად ვიყავით იმ განწყობით, რომ თავის დროზე სტაბილურობისთვის დაგვეჭირა მხარი, გამომდინარე აქედან, მიგვაჩნდა, რომ სტაბილურობის გარანტად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იყო. ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენ შევინარჩუნეთ მაჟორიტარული სისტემაც, ამავდროულად პროპორციულის მოთხოვნაც არის დაკმაყოფილებული თავისი ჩამკეტი 40%-ით და იმავდროულად, 1%-იანი ბარიერით. ეს პატარა პარტიებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად ისინი მოხვდებიან პარლამენტიში.
გამომდინარე აქედან, პლურალისტური გარემო და განსხვავებული აზრის მქონე პარლამენტი გვექნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.
ვფიქრობთ, რომ სამთავრობო გუნდის მხრიდან გაკეთდა ყველაფერი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწოდებები, რომელიც იყო, გათვალისწინებული ყოფილიყო. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მზად ვარ დავუჭირო მხარი. მივესალმები იმ გარემოს, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნება“,- განაცხადა ლურსნამაშვილმა.
მისივე თქმით, სრულად პროპორციული სისტემა რისკებს შეიცავდა.
„გარანტია ჩემთვის არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ვინაიდან სრულად პროპორციული სისტემა ვერ უზრუნველყოფდა გამარჯვებული პარტიის მიერ მთავრობის დაკომპლექტებას. გვქონდა დიდი რისკები ამ შემთხვევაში და ეს ჩვენთვის, მაჟორიტარებისთვის იყო მიუღებელი. არიან მაჟორიტარები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მაგალითად კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ იგი მხარს არ დაუჭერს აღნიშნულ პოზიციას. ჩვენ ჯერ დრო გვაქვს და ყველა დეპუტატს ექნება საშუალება, ჩამოიყალიბოს პოზიცია“,- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
გუშინ, 8 მარტს მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40 პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.