კობა გვენეტაძე - სანქცია გამოვიყენეთ უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა, „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ
კობა გვენეტაძე - სანქცია გამოვიყენეთ უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა, „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ

ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების და არა თავად „თიბისი ბანკის“ ან მისი აქციონერების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხზე მოხსენებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მან „თიბისი ბანკის“ ზედამხედველობის მიმართულებით ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამი სხვადასხვა ტრანზაქციით დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მრავალი მუხლი.

„შესაბამისად, ბანკი დაჯარიმდა ერთი მილიონი ლარით კანონმდებლობის ერთი მუხლის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი დარღვევები მიესადაგა ბანკის ადმინისტრატორების მიერ განხორციელებულ ქმედებებს“, – აღნიშნა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკში“ ინტერესთა კონფლიქტის რისკებს ადრეც ხედავდა და 2014 წლიდან სისტემატურად ცდილობდა ამ რისკის მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებას.

„გაიგზავნა არაერთი ოფიციალური წერილი თუ შეტყობინება და გატარდა არაერთი ღონისძიება, მაგრამ ყველა ეს ღონისძიება ბანკისადმი იყო მიმართული და, საბოლოო ჯამში, ყველა აქციონერს ეხებოდა მაშინ, როდესაც პრობლემის წყარო უცვლელი რჩებოდა. 2019 წელს კი, როდესაც უკვე ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო და იმის გამო, რომ კანონმდებლობით, ეროვნულ ბანკს ევალება, გამოიყენოს დარღვევის პროპორციული სანქცია, ჩვენ გამოვიყენეთ სანქცია უშუალოდ ტრანზაქციებში ჩართული ადმინისტრატორების მიმართ – ხელმოწერის შეჩერება და თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა – და აღარ დავაკისრეთ დამატებითი სანქცია ბანკს და ან მის აქციონერს, ისეთი, როგორიცაა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი შეფასებით, მიმდინარე წლის თებერვლის გადაწყვეტილება იყო პრობლემის სათავის მოგვარებაზე მიმართული, ყველაზე ადეკვატური საზედამხედველო ქმედება.